შვედი ფორვარდის მორიგი მიღწევა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ტოტენჰემთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა, რაც მის საკლუბო კარიერაში მორიგ მიღწევად იქცა.
შვედმა ფეხბურთელმა თავისი მე-700 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედისა" და სხვა კლუბების რიგებში ასპარეზობის განმავლობაში.
ამ ნიშნულს იბრამ 17-წლიანი კარიერის განმავლობაში მიაღწია, რაც "მალმიოში" 1999 წელს დებიუტით დაიწყო - შვედურ კლუბში მან 47-ჯერ მოირგო მაისური.
მას შემდეგ კი მის კარიერაში იყო ისეთი სახელოვანი გუნდები, როგორებიც არიან "აიაქსი" (110), "იუვენტუსი" (92), "მილანი" (85), "ბარსელონა" (46), "ინტერი" (117) და "პარი სენ-ჟერმენი" (180).
ზლატანი ჩემპიონი გახდა ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის კლუბებში ასპარეზობისას, ახლა კი იმავეს გაკეთების იმედი "ოლდ ტრაფორდზე" აქვს.
საგულისხმოა მისი მიღწევა ნაკრებშიც, სადაც 116 მატჩი აქვს ჩატარებული და 62 გოლი გატანილი.