ჟოზე მოურინიო გადატვირთულ გრაფიკს გუნდის უკეთესად ათამაშების საშუალებად მიიჩნევს, მანამდე კი "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროტურნირზე კიდევ ერთი ნაბიჯით წაწევს წინ.
"წითლებს" მინიმუმ ერთი ქულის აღება სჭირდებათ "ზარიასთან" მატჩში, რათა ჯგუფურ ეტაპს გასცდნენ, პრემიერ ლიგის გარდა კი გუნდი კიდევ ორ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს, რომლებზეც "ჰალ სიტისა" და "რედინგს" დაუპირისპირდება ლიგის თასისა და ინგლისის თასის ეგიდით შესაბამისად.
2017 წლის მეორე დღიდანვე "იუნაიტედს" ამ პერიოდში ინგლისის ჩემპიონატის ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს, რაც ყველა სხვა ინგლისური გუნდისგან განასხვავებს გუნდს იმით, რომ ერთადერთი კლუბია, რომელიც ოთხ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს. "პლეი-ოფიანი ტურნირები ყოველთვის მომწონდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ხუთშაბათს ასეთი გადამწყვეტი მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპია.
ლიგის თასის მეოთხედფინალში ვართ, ინგლისის თასზეც ვასპარეზობთ, პლუს პრემიერ ლიგა. თამაში მიყვარს. ვარჯიშიც მიყვარს, მაგრამ თამაში მირჩევნია", - განაცხადა მოურინიომ.
"ფეიენოორდისა" და "ფენერბაჰჩეს" მატჩსაც დიდი მნიშვნელობა აქვს A ჯგუფში პოზიციების გადანაწილებაში, მაგრამ მწვრთნელი ამ მატჩისთვის ყურადღების მიქცევას არ აპირებს.
"ერთი ქულა საკმარისია. როტერდამში დაფიქსირებულ შედეგს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე მხოლოდ ჩვენს მატჩზე ვიფიქრებ. გამარჯვებას ვეცდებით, ისეთ პოზიციაში ყოფნას ვეცდებით, რომელშიც პრობლემა არ შეგვექმნება. დაე, ქულა საკმარისი იყოს, მაგრამ ჩვენ მოგება გვინდა.
სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ჯგუფის მოგება მნიშვნელოვანი იყოს. მეორე მატჩი სახლში გაიმართება თუ გასვლაზე, სულერთია. უფრო მნიშვნელოვანია ევროპის ლიგის ყველაზე რთული და ჩემპიონთა ლიგის მაგვარი ჯგუფიდან გასვლა.
რთული ჯგუფია. "ზარიაც" კი რთულად დასამარცხებელია სახლში, რაც მათი ორი ფრიდან გამომდინარე ჩანს, გასვლაზე კი მხოლოდ 1-0 წააგეს ჩვენთან და "ფეიენოორდთან", 2-0 კი "ფენერბაჰჩესთან", რომელსაც კაცნაკლული ეთამაშებოდნენ.
სახლში "ფეიენოორდთან" რომ წაგვეგო, ტურნირს უკვე გამოვეთიშებოდით. თავიდან პრობლემები გვქონდა, მაგრამ მას გავუმკლავდით. კარგად ვითამაშეთ, კომფორტულად. ამან გამახარა, სახლში ჩვენს გულშემატკივარს სამი მატჩი, სამი გამარჯვება და 9 ქულა მივუძღვენით. რაც შეეხება გასვლაზე თამაშს, ცუდად გამოვიყურებით და ეს უნდა გამოსწორდეს.
გუნდი კარგად თამაშობს. ევროპის ლიგის ბოლო მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იყო - დავამტკიცეთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა. კარგ გუნდებს ვეთამაშებით, რომელთაც თავდადებული ხალხი ჰყავთ. გუნდს ეს ტურნირი არასდროს მოუგია. ჩვენ თუ მოვახერხებთ, ფენომენალური იქნება".