დაიბადა 1874 წლის 30 ივლისს უელსის ქალაქ ჩერკში. გარდაიცვალა 1958 წლის 19 აპრილს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში. ბილი მერედიტი ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები "მანჩესტერ სიტიში" და "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა. უელსის პატარა ქალაქ ჩერკში დაბადებულმა ბიჭმა ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო, თუმცა "ნორვიჩ ვიქტორიასთან" ერთად მოპოვებული რამდენიმე ტიტულის შემდეგ ინგლისს მიაშურა - სამოყვარულო კლუბებში თამაში არ აკმაყოფილებდა... ჯერ იყო "მანჩესტერ სიტი": 1894-1906 წლებში 339-ჯერ ითამაშა ამ კლუბში და 129 გოლი გაიტანა. ამ კლუბთან ერთად მერედიტმა 1904 წელს ასოციაციის თასი მოიგო. 1906 წლის მიწურულს ბილი მერედიტი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა და 1921 წლამდე 303-ჯერ მოირგო კლუბის მაისური და 35 გოლი გაიტანა. 1907 წლის 1 იანვარს, ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" 1:0 მოგებულ მატჩში, ამპლუით გარემარბმა პირველად ითამაშა "იუნაიტედში". 1924 წელს, "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნებულმა ბილი მერედიტმა ასოციაციის თასის ნახევარფინალში "ნიუკასლ იუნაიტედის" წინააღმდეგ 49 წლის და 245 დღის ასაკში ითამაშა - ამ შედეგით ის ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი უხუცესი მოთამაშეა... ბილი მერედიტი 83 წლისა გარდაიცვალა 1958 წელს. წლების შემდეგ მისი საფლავი დაიკარგა, თუმცა უელსის ფეხბურთის ასოციაციის, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის, "მანჩესტერ სიტის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელთა ძალისხმევით და დაფინანსებით, ფეხბურთელის საფლავის მოძებნა მოხერხდა. 2006 წლიდან მერედიტი "მანჩესტერ სიტის" დიდების დარბაზის წევრია, 2007 წლის აგვისტოში კი მისი სახელი ინგლისის ფეხბურთის დიდების დარბაზმაც უკვდავჰყო.
უილიამ ჰენრი მერედიტი კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები ინგლისის ჩემპიონი - 1908, 1911 ინგლისის თასი - 1909