"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობს მისი ხელმძღვანელობით, ვიდრე წინა წლებში.
"წითელმა ეშმაკებმა" მორიგი წარუმატებლობა განიცადეს კვირას, როცა პრემიერ ლიგის ეგიდით "ევერტონთან" "გუდისონ პარკზე" 1-1 ითამაშეს.
ეს ნიშნავს, რომ "იუნაიტედმა" ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და ლიდერ "ჩელსის" 13 ქულით ჩამორჩა.
მაგრამ ცუდი შედეგის მიუხედავად, მოურინიოს მიაჩნია, რომ გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე ლუი ვან გაალის დროს.
"გასულ რამდენიმე წელიწადთან შედარებით დიდი სხვაობაა, მაგრამ ახლა მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა. ანდერ ერერას ძელისთვის რომ არ გაერტყა, 2-0 იქნებოდა - თამაში დასრულდა.
კიდევ ერთი ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ ემოციურ სტადიონზე ძალიან კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ. მორიგი კარგი მატჩია. სახლში კარგად ვთამაშობთ, ვდომინირებთ, გასვლაზე კი ბურთს ვაკონტროლებთ.
როცა ცუდად თამაშობ და ცუდ შედეგს იღებ, შეგიძლია კარგად თამაში და უკეთესი შედეგის მიღება სცადო. მაგრამ, როცა კარგად თამაშობ, ვეღარაფერს გააწყობ.
ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად ვთამაშობთ. მოწინააღმდეგე ბედნიერია, როცა სტადიონს 1-1 ანგარიშზე ტოვებს.
სამუშაოს შევუდგებით და იმედი მაქვს, ხუთშაბათს ასევე კარგად ვითამაშებთ", - განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.