"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ანდერ ერერას მიაჩნია, რომ მის გუნდმა მინიმუმ 4 გოლი უნდა გაეტანა "ვესტ ჰემთან" მატჩში, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა.
ბასკმა ფეხბურთელმა თავის იმედგაცრუებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარიერაში პირველად განიცდის მსგავს შეგრძნებას.
"არ ვიცი, რა ვუთხრა გულშემატკივარს, რადგან ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ. იგივე მოხდა, რაც "ბარნლისთან", "სტოკთან", "არსენალთან". არ მესმის, მეტი რა უნდა გავაკეთოთ მოგებისთვის.
ყოველთვის მოწინააღმდეგეზე მეტ შანსს ვქმნით, მეკარე მათი საუკეთესო მოთამაშე იყო, ბურთს კარგად ვამოძრავებთ, მატჩს ვაკონტროლებთ. "ვესტ ჰემი" კარგი გუნდია და მას ორი შანსის მეტი არ შევაქმნევინეთ მთელი თამაშის განმავლობაში.
გვინდა, რომ გულშემატკივარმა იამაყოს და ამიტომაც დავიწყეთ ასე თამაში. აგრესიულად, მეორე ბურთის მოგებით, სივრცეების პოვნით, მაგრამ ვერ ვხვდები, რა მოსდის იღბალს.
კარიერაში პირველად მაქვს ასეთი შეგრძნება. მოწინააღმდეგეზე მეტი შანსის შექმნა, მათზე უკეთესად თამაში, მაგრამ ვერ მოგება", - განაცხადა ესპანელმა.
ერერამ ევროპის ლიგის მატჩი გამოტოვა, მაგრამ გუნდს პრემიერ ლიგაში მაიკლ კერიკის ადგილზე დაუბრუნდა. ბასკს რადიკალური გადაწყვეტილებების შეთავაზება არ შეუძლია, მაგრამ გულშემატკივარს დაპირდა, რომ ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად.
"გოლის პირველად გაშვება გასამართლებელი მიზეზი არ არის, რადგან ამის შემდეგ 4-1 შეგვეძლო მოგვეგო. ასეთი რამეები ფეხბურთში ხდება, მაგრამ ჩვენ ბრწყინვალე რეაგირება მოვახდინეთ და მართლაც არ მესმის, რა მოსდის იღბალს. იმედი მაქვს, იღბალს სხვა ტურნირზე დავიბრუნებთ.
არ ვიცი, რა ვუთხრა გულშემატკივრებს. ასეთი კარგი თამაშის შემდეგ ძალიან რთულია სახლში მისვლა ამ შეგრძნებით. რთული ღამე გვექნება".