"მანჩესტერ იუნაიტედის" განაცხადში მატებაა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპის ლიგის განაცხადში მცველი კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი და ორი მეკარე - დინ ჰენდერსონი და კირან ო'ჰარა შემატა.
19 წლის ბორტუიკ-ჯექსონი ერთსეზონიანი იჯარით იმყოფება "ვულვერჰემპტონში", დინ ჰენდერსონი კი იანვრამდე მეორე ლიგის გუნდ "გრიმსბი თაუნშია" განათხოვრებული, ხოლო "იუნაიტედის" რეზერვების მეკარე კირან ო'ჰარამ "ფეიენოორდთან" მატჩის წინ ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამეულის განაცხადში შეყვანის უფლება იქიდან გამომდინარე ჰქონდა, რომ ისინი "B სიის" ფეხბურთელების რანგში იყვნენ რეგისტრირებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1995 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულნი და "იუნაიტედში" ორ წელზე მეტი გაატარეს მას შემდეგ, რაც 15 წელი შეუსრულდათ.
UEFA-სთვის სექტემბერში მიწოდებულ 27-კაციან სიაში ბორტუიკ-ჯექსონი თავდაპირველად შეყვანილი არ იყო, მაგრამ კლუბს მისი დაბრუნების შესაძლებლობა ექნება, როცა იანვრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
კამერონის დებიუტი "იუნაიტედში" ერთი წლის წინ შედგა და ლუი ვან გაალის გუნდში მან 14 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც "წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის" ჯილდო და 4-წლიანი კონტრაქტი მიიღო.
დინ ჰენდერსონს ჯერ კიდევ არ უთამაშია "გრიმსბის" რიგებში, ხოლო კირან ო'ჰარა "იუნაიტედის" მეოთხე მეკარე გახდა, რამეთუ პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების კიპერი ჯოელ კასტრო პერეირა "ბელენენსესში" იჯარის წესით გაანათხოვრეს.
ბორტუიკ-ჯექსონს თავისი 43-ნომრიანი მაისური შეუნარჩუნეს, კირან ო'ჰარას 45 ნომერი ერგო, ხოლო ჰენდერსონს - 34.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სრული განაცხადი ევროპის ლიგაზე:
მეკარეები: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი, ო'ჰარა, ჰენდერსონი
მცველები: ბაიი, ჯონსი, როხო, სმოლინგი, შოუ, ფოსუ-მენსა, ვალენსია, დარმიანი, ტუანზებე, ბორტუიკ-ჯექსონი
ნახევარმცველები: პოგბა, მატა, ლინგარდი, კერიკი, ბლინდი, იანგი, ერერა, მხითარიანი, ფელაინი, შნეიდერლინი
თავდამსხმელები: დეპაი, იბრაჰიმოვიჩი, რუნი, მარსიალი, რეშფორდი
წყარო:
M.E.N.