ზლატან იბრაჰიმოვიჩმა არ გამორიცხა "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთი წლით დარჩენა, თუმცა იქვე დასძინა, რომ დროის დასაკარგად დარჩენას არ აპირებს.
"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა "ფეიენოორდთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საჯაროდ გამოთქვა შვედი ფეხბურთელის კიდევ ერთი წლით დატოვების სურვილი, რის საშუალებასაც მას კონტრაქტში შეტანილი პუნქტი მისცემს.
იბრაჰიმოვიჩმა კი თავის მხრივ თქვა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე არ უსაუბრიათ, თუმცა მოვლენათა შესაბამისად განვითარების შემთხვევაში ის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება. "ამჟამად არავითარი მოლაპარაკებები არ გვაქვს. მე ვაკეთებ კომენტარს ერთს პლუს ერთის შესახებ. თავს კარგად ვგრძნობ, მხნედ, მონდომებულად, ასე რომ, მეორე წელიც იქნება ალბათ. ისე უნდა ვითამაშო, როგორც მე შემეფერება, მაგრამ დროის დაკარგვა არ მინდა. მეორე წელი ავტომატურად მოდის პირველის შემდეგ, ამიტომაც, თუ ასე გაგრძელდება, დიახ, დავრჩები".
"იუნაიტედის" ცხრიანმა პრემიერ ლიგის სპეციფიკურობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "იუნატედი" უიღბლო გუნდია. "მატჩებში სრულად ვდომინირებდით და დიახ, უიღბლოები ვიყავით, მაგრამ პრემიერ ლიგაში გუნდები თამაშს არ აკონტროლებენ, ისინი წინ და უკან, წინ და უკან დარბიან, ბოლო წუთამდე იბრძვიან, მაგრამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გამარჯვებები მოვიპოვოთ. ამას თუ მოვახერხებთ, უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს.
"იუნაიტედი" ყოველ წელს მწვერვალზე უნდა იყოს. მათი კუთვნილი ადგილი სწორედ იქ არის და ჩვენც სწორედ ამისთვის ვშრომობთ. მაგრამ დროა საჭირო.
როცა ქალაქში შემოვაბიჯე, მთელი ქალაქი ანათებდა, ალბათ, 24 საათის განმავლობაში, მაგრამ აქ სამი თუ ოთხი საათითაც რომ ჩაბნელდეს, მე აქ ვარ და კარგ დროს ვატარებ. თავს კომფორტულად, კარგად, მარტივად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ".