გუშინ პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრას "ოლდ ტრაფორდმა" უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" დაუპირისპირდა.
მასპინძლებმა უპირატესობის მოპოვება მალევე შეძლეს, რასაც რამდენიმე სახიფათო მომენტიც მოჰყვა, თუმცა პეტერ ჩეხი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მეორე ტაიმში მოურინიოს გუნდმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა, ერერას გადაცემით მატამ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა ქულის გადარჩენა შეცვლაზე შემოსული ოლივიე ჟირუს წყალობით შეძლეს, რომელმაც ბრწყინვალე თავური დარტყმით აიღო დე ხეას კარი.
მოურინიოს გუნდმა ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა "ოლდ ტრაფორდზე", რაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი პრემიერ ლიგაში კვლავ დაუმარცხებელია არსენ ვენგერთან, მის ანგარიშზე 5 მოგება და 7 ფრეა.