ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ პრესა მას სათანადო პატივს არ სცემს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიღწევები უფრო ახლო პერიოდით თარიღდება, ვიდრე არსენ ვენგერისა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა და ვენგერმა ჯამში 6 ტიტული მოიგეს ბოლო 18 თვის განმავლობაში, თუმცა ფრანგს პრემიერ ლიგის ტიტული 2004 წლის შემდეგ არ აღუმართავს.
მიუხედავად ასეთი შედეგისა, მოურინიოს მიაჩნია, რომ ვენგერს უფრო მეტად აფასებენ მედიის წარმომადგენლები და ანალიტიკოსები.
"ხვალ ორი მწვრთნელის მატჩია, რომელთაც პრემიერ ლიგაში საუკეთესო შედეგები აქვთ. სერ ალექს ფერგიუსონი აქ აღარ არის, ასე რომ, ხვალ ორი მწვრთნელი გავა, რომელსაც პრემიერ ლიგის ექვსი თუ შვიდი ტიტული აქვს მოგებული.
დარწმუნებული არ ვარ. ვგონებ, მე სამჯერ მოვიგე, მისტერ ვენგერმა კი სამჯერ თუ ოთხჯერ, არ ვიცი. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ორ მწვრთნელზე, რომელთაც პრემიერ ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვთ.
ნიშნავს ეს, რომ პატივს უნდა გვცემდნენ მაშინაც კი, როცა საუკეთესო შედეგები არ გვაქვს? ვფიქრობ, მისტერ ვენგერს ეს პატივისცემა ყველასგან აქვს, მე კი არა. მე კი პრემიერ ლიგა 18 თვის წინ მოვიგე და არა 18 წლის წინ, სწორედ 18 თვის წინ, ასე რომ, ამ პატივისცემას ვერ ვგრძნობ, გულახდილად რომ გითხრათ.
მე მხოლოდ ჩემს გზას მივყვები, რადგან მეცხრე ჩემპიონობის მოგება მინდა, მეოთხე პრემეირ ლიგის მოგება მინდა.
მე ვარ კლუბში, სად ყოფნაც მინდა. ეს ძალიან მარტივია. როცა "ჩელსიდან" დამითხოვეს, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვარ, ბევრი შემოთავაზება მქონდა, მათ შესახებ პრინციპულობის გამო არ ვილაპარაკებ, "ჩელსის" დატოვებიდან ერთი კვირის შემდეგ შემეძლო ახალი სამსახურის შოვნა, ევროპის უდიდეს კლუბებში მიწვევდნენ, მაგრამ იმ კლუბს ველოდებოდი, სად ყოფნაც მინდოდა.
ოთხ კლუბთან ერთად გავხდი ჩემპიონი, "პორტუ", მადრიდის "რეალი", "ინტერი" და "ჩელსი", მინდა ჩემპიონი ყველგან ვიყო, სადაც ვმუშაობ, რაც კარგი იქნება, თუკი "იუნაიტედთან" ერთად გავაკეთებ".