ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ უეინ რუნი ჯანმრთელია და "არსენალთან" სათამაშოდ მზად არის.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ბრიტანული პრესის მთავარი ობიექტი იყო მიმდინარე კვირაში, რაც მისმა სკანდალურმა ფოტოებმა გამოიწვიეს.
შოტლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მან მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც კლუბში ნაადრევად დაბრუნდა, თუმცა ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით, ამის მიზეზი მისი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა უფრო იყო.
ჟოზე მოურინიომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ცხადყო, რომ რუნი სათამაშოდ მზად არის.
"ბოლო ორი თუ სამი დღის განმავლობაში არაფერი მომხდარა, მანაც სხვების მსგავსად ივარჯიშა, მასაც სხვების მსგავსად სურს თამაში, ის მზადაა.
რაც ნაკრებში მოხდა, ნაკრებში მოხდა და ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. იქ წასული ჩემი ფეხბურთელები ნაკრებს ეკუთვნიან და კომენტარის გაკეთება არ მინდა.
ხანდახან ისინი უფრო ძლიერები ბრუნდებიან, ვიდრე წასვლის წინ იყვნენ, რადგან რაღაც კარგი, მათთვის პოზიტიური ხდება, ხანდახან კი ტრავმები, მძიმე ტრავმები, ხანდახან, საერთოდ შეწუხებულები არიან, რადგან არ ათამაშეს ან ცუდი შედეგი დაფიქსირდა.
ამ შემთხვევაში ვიცით, რაც მოხდა, მაგრამ ეროვნული ნაკრები სხვა თემაა და მარტამდე მას არ შევეხებით", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.