რამ მოახდინა გავლენა მხითარიანის არჩევანზე.
ჰენრიხ მხითარიანი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოსთან მას არავითარი პრობლემა არ აქვს.
27 წლის შემტევი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ სანამ პრემიერ ლიგაში თავის კარიერის აიწყობს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს თავისი შესაძლებლობები სავარჯიშო მოედანზე უნდა დაუმტკიცოს.
დორტმუნდის "ბორუსიადან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ, მხითარიანმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დაიწყო "წითლების" სასტარტო შემადგენლობაში.
სომხეთის ნაკრების წევრს არა მარტო ძირითად თერთმეტეულში, არამედ სათადარიგოთა სკამზე მოხვედრაც კი უჭირს.
მაგალითად, საერთაშორისო შესვენებამდე "სუონსისთან" მატჩში იგი 18-კაციანი განაცხადის მიღმა დარჩა, ბოლო ცხრა შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მათგანის განაცხადში შეიყვანეს მისი გვარი, თუმცა ამის მიზეზი სექტემბერში მიღებული ტრავმა იყო.
სომხეთის საფეხბურთო ასოციაციისთვის მიცემულ ინტერვიუში მხითარიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში თავისი მდგომარეობის გამოსწორების იმედი ჯერ კიდევ აქვს.
"იმედი მაქვს, მოურინიოსგან ბევრ რამეს ვისწავლი. ის არის მწვრთნელი, რომელსაც ფანტასტიკური მიღწევები აქვს. არავითარი იმედგაცრუება არ არსებობს, მხოლოდ გამოწვევაა.
თუკი გზად ბარიერი მხვდება, არასდროს ვჩერდები ან ვნებდები. უბრალოდ სვლას ვაგრძელებ, სანამ ჩემს კარიერულ მიზნებს არ მივაღწევ.
დღეს საკმარისი სათამაშო დრო არ მაქვს, ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და სამწვრთნელო შტაბი თამაშის საშუალებას მომცემს.
ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატების მიღწევა შემიძლია და ვიცი, რომ ყველას უნდა ვაჩვენო, რომ ვიმსახურებ ამ გუნდის, ამ ჩემპიონატის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ყოფნას", - განაცხადა ჰენრიხმა.
მხითარიანი უმეტესწილად შეუმჩნეველი იყო, როცა თანაგუნდელებთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც საფუძვლიანად მიიჩნეოდა, რომ მას ისევე გაუჭირდა მანჩესტერში თავის დამკვიდრება, როგორც დონეცკის "შახტარსა" და დორტმუნდის "ბორუსიაში" თავდაპირველად.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველი არ მალავს, რამდენად რთული იყო მისთვის გერმანულ კლუბში თავის დამკვიდრება, მისივე თქმით, მანჩესტერში ამის პრობლემა არ აქვს.
"აქ მზე ისე ხშირად არ არის, მაგრამ მანჩესტერში პლაჟზე სასიარულოდ არ ჩამოვსულვარ. აქ ძალზედ მარტივი იყო ქალაქთან შეგუება, რადგან ხალხი ძალიან მეგობრულად მექცევა.
დინამიური ქალაქია და ზუსტად ისეთი, როგორში ცხოვრებაც მომწონს. ერთადერთი, რაც მაკლია, სათამაშო დროა, მაგრამ ის აუცილებლად მომეცემა. ბეჯითად შრომას ვაგრძელებ და ამის შედეგს მივიღებ.
"ბორუსიაში" თავიდან რთული იყო, რადგან უკრაინისგან განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ და ენის ბარიერიც მქონდა. მაგრამ პირველი წლის შემდეგ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და ვამაყობ, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში დორტმუნდის "ბორუსიაშიც" ვითამაშე, ფანტასტიკური გამოცდილება იყო."მხითარიანმა, რომელიც მოთამაშეთა ვერსიით ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, კრიტიკა "ბორუსიას" ბოსებისგანაც მიიღო "იუნაიტედში" გადასვლის გამო.
მას გერმანიაში ვარსკვლავურ მოთამაშედ აღიქვამდნენ, მაგრამ მხითარიანმა აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგაში უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის გადავიდა.
"გერმანიაში დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში სამი ძალიან წარმატებული წელი მქონდა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში გადასვლის შანსი მომეცა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ჩემპიონატში ასპარეზობს.
მამაჩემი ყოველთვის მასწავლიდა, რომ საკუთარი თავი ხშირად გამომეწვია და კარიერაში წინსვლა არ შემეწყვიტა, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა კი როგორც ფეხბურთელის და როგორც ადამიანის გაზრდის საშუალებად მივიჩნიე.
ხელფასის გამო ნამდვილად არ ამირჩევია "მანჩესტერ იუნაიტედი", აქ საფეხბურთო მიზეზების გამო მოვედი.
კლუბის ისტორიის გამო, ჩემპიონატის, გულშემატკივრების და მწვრთნელის გამო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში", - დაასრულა "იუნაიტედის" ახალწვეულმა.
წყარო:
M.E.N.