"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია თავის მომავალთან დაკავშირებით ჟოზე მოურინიოს გაესაუბრება.
31 წლის ეკვადორელი სტაბილური თამაშს აჩვენებს მიმდინარე სეზონში, თუმცა მისი მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს იწურება.
The Sun-ის ინფორმაციით, ვალენსიას წარმომადგენლები "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავენ, რათა თავიანთი კლიენტის კონტრაქტი განიხილონ. თავად ანტონიოსაც სურს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა, სადაც 2009 წლიდან ასპარეზობს. "კლუბს გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება არ სურს, მაგრამ ანტონიო აქ ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს. იმედი აქვს, რომ ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტის თაობაზე პირველივე შესაძლო შემთხვევაში დაილაპარაკებს", - იტყობინება გამოცემის წყარო.
აღსანიშნავია, რომ ვალენსიას მოქმედი კონტრაქტი თანამშრომლობის 12 თვით გახანგრძლივების პუნქტს შეიცავს. ასეთ შემთხვევაში ანტონიოს ხელფასი არ გაიზრდება და კვირაში 85 ათას ფუნტს მიიღებს.