UEFA-მ თურქეთის პოლიციასა და საფეხბურთო ფედერაციას მიმართა, რათა სტამბულში "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხუთშაბათს სტამბულში ევროპის ლიგის ეგიდით "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ გამართავს შეხვედრას, სადაც ბუნებრივია, გულშემატკივრებთან ერთად ჩავა გუნდი.
თურქეთში არსებული სახიფათო მდგომარეობიდან გამომდინარე აშშ-ს ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს სტამბულისა და თურქეთის დატოვება სთხოვა, რადგანაც უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინება მიიღო.
"ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის თურქეთში საფრთხე არსებობს, მაგრამ დღეს UEFA-მ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა სტამბულში ვიზიტის უსაფრთხოების დაცვის გარანტია მოითხოვა.
თურქეთში მომრავლებული ტერაქტებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო ასეთი გარანტია UEFA-ს ეგიდით ჩატარებულ ყოველ მატჩზე მოითხოვება. დღემდე ყველა მატჩი უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩატარდა. UEFA სიტუაციის განვითარებას აკვირდება და კლუბებს აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაციასა და მხარდაჭერას უცხადებს", - ნათქვამია UEFA-ს წარმომადგენლის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს დილით "მანჩესტერ იუნაიტედისა" და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე გულშემატკივრებს ინსტრუქციები დაუტოვა: "სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ტურისტებისადმი მიცემული ჩვენი რჩევები გაითვალისწინოთ. ტერაქტების საფრთხე ჯერ კიდევ მაღალია".