"მანჩესტერ იუნაიტედის" გარდაცვლილი გულშემატკივრის ოჯახმა ჟოზე მოურინიოსგან პირადი წერილი მიიღო.
32 წლის დევიდ გრინი ოთხი შვილის მამა და "იუნაიტედის" დიდი ხნის გულშემატკივარი იყო. დევიდი ლოუფორდში მშენებლობაზე მუშაობდა და 3 ოქტომბერს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. საქმიანობისას მისი სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რასაც გრინის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იმაში დასარწმუნებლად, თუ რას ნიშნავდა "იუნაიტედი" დევიდის ცხოვრებაში, მისი შვილების სახელები დაგვეხმარება. გრინმა თავის უფროს ბიჭებს ჰარვი რიო და ტრაფორდი დაარქვა რიო ფერდინანდისა და კლუბის სტადიონის საპატივცემულოდ შესაბამისად და დაიბარა, რომ მის დაკრძალვაზე ხალხი წითელ სამოსში გამოწყობილები მისულიყვნენ.
დევიდის ტრაგედიიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მისმა ოჯახმა ჟოზე მოურინიოსგან პირადი წერილი მიიღო, რომელშიც პორტუგალიელი მწუხარებას გამოხატავს.
"შემატყობინეს, რომ თქვენი ქმარი ტრაგიკულ პირობებში დაიღუპა და ამ ამბით ღრმად დამწუხრებული ვარ. მიიღეთ ყველაზე გულახდილი თანაგრძნობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისა და თანამშრომლებისგან თქვენი და თქვენი შვილების, ჰარვი რიოს, ტრაფორდის, ბენტლისა და სკაილე-ჯეიდის მიმართ თქვენი საყვარელი ქმრისა და მამის გამო.
არასდროს დაივიწყოთ იგი და შესაძლოა, თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანთა სიყვარული და მხარდაჭერა ამ მძიმე დღეების გადატანაში დაგეხმაროთ. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა თქვენთან არის".
დევიდის სიმამრმა განაცხადა, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მისი სიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედში": "არ ვიცით, ვინ დაუკავშირდა კლუბს, მაგრამ წერილზე ჟოზეს პირადი ხელმოწერა იყო და მან ჩემი შვილიშვილების სახელებიც დაასახელა".