ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან სპეციალური შეხვედრა გამართა, რათა გულშემატკივართა გრძნობების შესახებ ესაუბრათ.
საუბარი Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე გაიმართა იმ იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც გუნდმა "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" დაპირისპირებისას განიცადა.
გუნდის სულისკვეთება ოთხშაბათს ღამით "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ გააუმჯობესა, რის შესახებაც, მოურინიოს თქმით, ფეხბურთელებმა ნამდვილად იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გულშემატკივრებისთვის აღნიშნულ წარმატებას. "მატჩის წინ ერთმანეთში გულშემატკივრების შესახებ ვისაუბრეთ. სიმართლე გითხრათ, მოკლევადიანი შეხვედრები გვაქვს, არ მომწონს ერთსაათიანი შეხვედრები, 10-წუთიან 3-4 შეხვედრას ვამჯობინებ, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთხელ ვიკრიბებით. ერთ-ერთი ასეთი შეკრება გულშემატკივრებს მივუძღვენით, მათზე ფიქრისთვის, "ჩელსისთან" წაგების შემდეგ მათ გრძნობებსა და იმედგაცრუებაზე სალაპარაკოდ.
ცხოვრების ეს ნაწილი გავაანალიზეთ, რადგან ბევრჯერ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რაც ჩვენი პროფესიული საქმიანობაა და მეორე მხარე გვავიწყდება. ამიტომაც გავმართეთ ერთი შეხვედრა და ფეხბურთელები მართლაც გულახდილები იყვნენ.
მათ კარგად ესმოდათ, რომ "სიტისთან" თამაში ერთი ჩვეულებრივი სათასო მატჩი არ არის, ეს უფრო მეტია, რადგან "სიტია", მაგრამ უფრო მეტია, რადგან "ჩელსისთან" წაგების შემდეგ რამდენიმე დღეში ჩატარდა. დიდებული ხასიათი გამოავლინეს და მათით მოხარული ვარ", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.