"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულთან" მატჩის მსაჯად ენტონი ტეილორის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება უკმაყოფილებით გამოხატა.
როგორც ვიცით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უმნიშვნელოვანესი მატჩი განსასჯელად ტეილორს მიანდო, რომელიც უაიტენშოს, მანჩესტერის სამხრეთ გარეუბნის მაცხოვრებელია.
37 წლის არბიტრის დანიშვნას აჟიოტაჟი მოყვა მერსეისაიდულ მხარეში. თავად მოურინიოს ტეილორთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, მაგრამ არ ესმის, რატომ მოახდინეს მასზე ზეწოლა მატჩის დაწყებამდე ასეთი გადაწყვეტილების მიღებით.
"ვფიქრობ, მისტერ ტეილორი ძალიან კარგი მსაჯია, მაგრამ რადგანაც ასეთი სერიოზული ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ, "ენფილდზე" საკუთარი საქმის კეთება გაუჭირდება.
მეტი რამის დამატება არ მინდა. საკუთარი შეხედულება მაქვს, მაგრამ იმდენჯერ დამსაჯეს ჩემი სიტყვების გამო, რომ გაკვეთილი ვისწავლე, თუ შეიძლება ასე ითქვას", - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო მატჩში თავისი ფეხბურთელების დისციპლინაზე არ ღელავს.
"ჩვენი დისციპლინარული სტატისტიკა ძალიან კარგია. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი გუნდი ყოველგვარ ინსტრუქციაზე დაყრდნობით თამაშობს, რასაც პრემიერ ლიგის შეხვედრების დროს და მსაჯების მითითებით ვიღებთ. მსაჯზე ზეწოლას არ ვახდენთ და გვერდითა ხაზზე სწორად ვიქცევით. დისციპლინასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე გვაქვს" - დაამატა ჟოზემ.