პრემიერ ლიგის მე-6 ტური "ოლდ ტრაფორდზე" გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, "ლესტერ სიტი" მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიომ გუნდის კაპიტანი, უეინ რუნი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. შეხვედრაში გუნდს სმოლინგმა უკაპიტნა. 22-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში სწორედ ინგლისელმა გახსნა. ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა 5-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. 37-ე წუთზე პოგბა-ლინგარდის კომბინაცია ხუან მატამ გოლით დააგვირგვინა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. ზუსტად 3 წუთში ესპანელის გადაცემით რეშფორდმა ისარგებლა და "ლესტერს" მესამე გოლი გაუტანა. თავი პოლ პოგბამაც გამოიჩინა, 42-ე წუთზე ფრანგმა მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. "ლესტერმა" ერთი ბურთის გაქვითვა მეორე ტაიმში შეძლო გრეის ბრწყინვალე გოლის წყალობით.
"წითელმა ეშმაკებმა" მოქმედი ჩემპიონები 4-1 გაანადგურეს და პრემიერ ლიგის მიმდიანრე სეზონში მეოთხე მოგება მიითვალეს.