"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ პოგბას ცუდ სტარტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფრანგბმა ფეხბურთელმა ლიონელ მესის მიბაძვა უნდა შეწყვიტოს.
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ჯერ ვერ ახერხებს იმ თამაშის ჩვენებას, რასაც მისგან ელიან. სქოულზი მიიჩნევს, რომ პოგბა მაქსიმალურად ცდილობს შეამციროს სხვაობა მასსა და მესის შორის. ინგლისელი აცხადებს, რომ პოგბამ ფოკუსირება მის თამაშზე უნდა მოახდინოს.
"ვფიქრობ, რომ პოგბა საქმეს ირთულებს. იგი ცდილობს, მესის მიბაძოს. მოატყუოს სამი ან ოთხი ფეხბურთელი. ვფიქრობ, რომ იგი ბურთთან ზედმეტ დროს ატარებს, მან მარტივად თამაში უნდა დაიწყოს. ეს არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედმა" შეიძინა. მათ არ შეუძენიათ ლიონელ მესი, რომელიც ოთხ-ხუთ კაცს უპრობლემოდ მოატყუებს. გუნდს ძლიერი ნახევარმცველი სჭირდება, რომელიც ბურთის დაჭერას შეძლებს.
მას შეუძლია ბურთთან ერთად დიდი მანძილი დაფაროს. ვფიქრობ, მას სჭირდება მაკონტროლებელი ნახევარმცველი, ასეთი კი გუნდში მხოლოდ მაიკლ კერიკია" - დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისელმა.