ადნან იანუზაი "მანჩესტერ იუნაიტედის" ორ პარტნიორთან ერთად "სანდერლენდში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
მოგეხსენებათ, იანუზაი "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში აწ უკვე "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის დროს ასპარეზობდა.
მოიესის გათავისუფლების შემდეგ, იანუზაის პროგრესი შეფერხდა, ახლა კი ამის გასაუმჯობესებლად შოტლანდიელი სპეციალისტი 21 წლის ბელგიელის "ლაით სთედიუმზე" წაყვანას გეგმავს. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, "ეშმაკები" ადნანის გაშვებას მხოლოდ იჯარით აპირებენ, თავად ფეხბურთელს კი გუნდის დატოვება სამუდამოდ სურს.
ამავდროულად, The Guardian წერს, რომ "სანდერლენდმა" იანუზაისთან ერთად, ასევე შეათანხმა "იუნაიტედის" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის, პედი მაკნეირისა და დონალდ ლავის კომპენსაციის თანხა, რომელიც 6 მილიონ ევროს შეადგენს. "კატები" ტრანსფერს რამდენიმე დღეში დაადასტურებენ.