პოლ პოგბას პირველი ინტერვიუ.
მას შემდეგ, რაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, პოლი MUTV–ს ჟურნალისტს, დევიდ სტოუელს გაესაუბრა.
პოლ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება "მანჩესტერ იუნაიტედში" .
"მადლობა".
როგორ აღწერდი საკუთარ ემოციებს?
"ვერაფერს ვამბობ, მართალს გეუბნებით, სიტყვები არ მყოფნის. ახლახან დავბრუნდი კარინგტონზე და... მე სახლში დავბრუნდი. თითქოს არდადეგებზე ვიყავი და სახლში დავბრუნდი. ყველგან ნაცნობი სახეები, ეს აღუწერელი გრძნობაა."
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოს ეს კითხვა, მაგრამ რატომ დაბრუნდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?
"ვფიქრობ, ეს ბედია. თავიდან დედა მეუბნებოდა, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდებოდი, მაშინ მე ვპასუხობდი, რომ არასოდეს იცოდი, რა მოხდებოდა მომავალში. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, დავბრუნდი იქ, სადაც დავიწყე, სადაც გავიზარდე. მე არ დამისრულებია ის, რაც აქ დავიწყე, დავბრუნდი იმიტომ, რომ დაუმთავრებელი საქმეები დავამთავრო."
და, რა თქმა უნდა, შენ ვალდებული იყავი, დაგეჯერებინა და მოგესმინა დედისთვის, ჩვენ ყველამ უნდა დავუჯეროთ დედას! (იცინიან)
"დედა მეუბნება, რომ ის ყოველთვის მართალია. ამ მომენტშიც მართალი აღმოჩნდა."
როგორია იყო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ?
"ჩემთვის მთავარია, რა ხდება მინდორზე. მინდა კარგად ვითამაშო, ბევრს მივაღწიო, მოვიგო ტიტულები, ესაა და ეს. ამიტომაც მოვედი აქ, ვითამაშო კარგად და მოვიგო ტიტულები. ვიცი, რომ "იუნაიტედი" ყოველთვის და აუცილებლად უნდა იგებდეს. მხოლოდ ამაზე ვახდენ კონცეტრირებას. მზად ვარ, შევუდგე მუშაობას მიზნების განხორციელებისთვის."
გიჟური დრო გაატარე, ჯერ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ უამრავი ჭორი შენს მომავალ კლუბთან დაკავშირებით და ბოლოს ტრანსფერი "იუნაიტედში", ასე არ იყო?
"გეთანხმებით. ვარ თუ არა ნაწყენი? დიახ, რადგან ჩვენ ფინალი წავაგეთ საკუთარ კედლებში. მაგრამ საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ბედნიერი ვარ. კვლავ სახლში ვარ, ეს საოცრებაა, მერწმუნეთ, არ შემიძლია ახსნა, შინაგანად უბედნიერესი ვარ, მოუთმენლად ველი დაწყებას."
როგორია იყო პოლ პოგბა იმ პოლ პოგბასთან შედარებით, რომელიც აქ 18 წლის ასაკში თამაშობდა?
"მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ახლა გავიზარდე (იცინის). ეს უბრალოდ... როგორც გითხარით... თითქოს არდადეგებზე ვიყავი და დავბრუნდი. მე ეს ბედისგან მქონდა ნარგუნები, ვგრძნობდი ამას. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ "იუნაიტედი" ჩემს გულშია, ამიტომ დავბრუნდი."
რამდენად ხარ შეცვლილი მას შემდეგ, რაც პირველად აღმოჩნდი "იუნაიტედში"? რა გაიგე ფეხბურთის შესახებ? რა გაიგე შენ შესახებ?
"უფრო გამოცდილი გავხვდი. "იუვენტუსში" ბევრი ტიტული მოვიგე და დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე, როგორც ეს კარიერის დასაწყისში "იუნაიტედში" იყო. მე დავბრუნდი, მაგრამ არა აკადემიიდან, სადღაც ვითამაშე და დავბრუნდი, დავბრუნდი უფრო გამოცდილი, უფრო ძლიერი, უფრო მეტად ნათამაშები, ამაშია განსხვავება."
რა გახსენდება, როცა იგონებ შენ მიერ გატარებულ პირველ დღეებს "იუნაიტედში", 18-წლამდელებთან თამაშს, ახალგაზრდული თასის მოპოვებას, პირველ გუნდში მოხვედრას?
"მოსვლისთანავე სანამ აკადემიაში ვიყავი, სკოლაში დავდიოდი. მახსოვს აკადემიაში ვარჯიშის მომენტები. უორენ ჯოისის დანახვისთანავე მასთან ერთად ჩატარებული ვარჯიშები გამახსენდა, გამახსენდა გასახდელი, სასადილო, სადაც ვჭამდით, აქ გატარებული დრო არასდროს დამვიწყებია.
ეს ფოტოს ჰგავს, რომელიც თვალწინ სულ თან მედო... არა, მართლა ვერ აგიხსნით, თუ რას ვგრძნობ, ვიცი მხოლოდ ერთი, მოუთმენლად მინდა ჩემს ახალ გუნდთან ერთად თამაში."
მოგვენატრე MUTV–ზე, კარგად გვახსოვს შენი პირველი ვიზიტი ჩვენთან, როგორ დაგეხმარა MUTV–ზე რეგულარული გამოჩენა კარიერაში?
"დიახ, მე აქ დავიწყე, ჩემი პირველი ინტერვიუ აქ იყო, ამ არხზე, "იუნაიტედის" შემადგენლობაში. თითქოს ერთ–ერთ ძველ ინტერვიუს გაძლევთ, უბრალოდ უფრო მაღალი და უფრო ასაკიანი(იცინის), ესაა და ეს, უბრალოდ ვტკბები იმით, რაც ახლა ხდება."
შენ შეუერთდი ერთ–ერთ წარმატებულ მწვრთნელს ფეხბურთის ისტორიაში. რამდენად დიდი როლი ითამაშა მან შენს აქ გადმოსვლაში?
"მე გავესაუბრე მორატასა და ვარანს და მათ მითხრეს, რომ მოურინიო ჩემთვისაა შექმნილი. ის მე უკეთესს გამხდის, რადგან ის ბევრ მუშაობას ითხოვს. ბევრჯერ ვესაუბრე ჟოზეს, მან მე თავისი ენერგია და პოზიტიური განწყობა გადმომცა. ამიტომაც გავიფიქრე: რატომაც არა?! დარწმუნებული ვარ, ჟოზე დამეხმარება გავხდე უკეთესი ფეხბურთელი და ადამიანი."
ბოლო 6–7 წლის განმავლობაში შენ ბევრს მიაღწიე, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, რას ფიქრობ, რისი მიღწევა შეგიძლია კარიერაში?
"პირველ რიგში, პრემიერ ლიგის მოგება მსურს, რადგან ეს აქამდე არასდროს გამიკეთებია. ასევე მსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, რაც შეეხება პირად ჯილდოებს, რა თქმა უნდა, მსურს ოქროს ბურთის მოგება. დროთა განმავლობაში ვიმედოვნებ, ყველაფერი ამიხდება, მაგრამ როგორც ვთქვი, ჯერ პრემიერ ლიგის ჯერია."
შენ იმ ფეხბურთელებთან ერთად მოგიწევს თამაში, რომელთა გვერდითაც ადრეც ასპარეზობდი, განსაკუთრებით ლინგარდის აღნიშვნა ღირს, გქონდა მასთან კონტაქტი? ხშირად ეხმიანებოდი?
"ყოველთვის ვსაუბრობდით და ვეხმიანებოდით ერთმანეთს. მე ძალიან მახარებს ის, რასაც მან მიაღწია, ამაყი ვარ მისით, ჯესი ბევრს მუშაობს და ბევრს მიაღწევს. ის იჯარით მიდიოდა, შემდეგ ბრუნდებოდა, მაგრამ ისევ ის ჯესი ლინგარდი იყო, რომელსაც გოლების გატანა და ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო გუნდისთვის. ჯესის გარდა უილ კინს, სემ ჯონსტონსა და სხვა ფეხბურთელებსაც ვესაუბრებოდი."
"იუნაიტედის" გულშემატკივრები უზომოდ არიან გახარებულნი შენი გადმოსვლით, რა შეტყობინებას გაუგზავნი მათ, ვინც შენს თამაშს მოუთმენლად ელის?
"ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს და როდის შევძლებ მათ გახარებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ მე ის ძველი პოლ პოგბა ვარ, უბრალოდ უფრო ძლიერი, მე აქ სახუმაროდ არ მოვსულვარ, მე აქ მოვედი იმისათვის, რომ მათ ვასიამოვნო და გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო."
მოხარულები ვართ შენი დაბრუნებით, პოლ!
"მადლობა."
წყარო:
MANUTD.COM