"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის პოლ პოგბას შესაძენად მსოფლიო რეკორდი დაამყაროს და 100 მლნ. ფუნტი გადაიხადოს, თავად ფეხბურთელს კი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს კვირეული 300 ათასი ფუნტის ანაზღაურებით.
თავის მხრივ, პოგბა ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ არის და კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს, მინო რაიოლას შორის მოლაპარაკებები იმართება. რაიოლა ასევე ჰენრიხ მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერესებს იცავს, ეს ორი უკანასკნელი ფეხბურთელი კი "იუნაიტედის" ახალწვეულები არიან.
ედ ვუდვორდი, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, 100 მლნ. ფუნტიან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტის გადასაბირებლად "იუვენტუსის" მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
"ბებერი ქალბატონი" თავისი ლიდერის სანაცვლოდ რეკორდულ თანხას ითხოვს, რაც 86 მლნ. ფუნტზე, ანუ გარეთ ბეილში 2013 წელს გადახდილ თანხაზე მეტი უნდა იყოს, "წითელი ეშმაკები" კი ამ შეთავაზებას ერთბაშად 14 მლნ. ფუნტით ზრდიან.