ჟოზე მოურინიო ახალ გამოწვევას არ უფრთხის.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს კლუბში არსებული დიდი მოლოდინი.
"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის 2013 წლის, ანუ სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლის შემდეგ არ უბრძოლია და ამ პერიოდში უმაღლესი ადგილი, რაც სატურნირო ცხრილში სეზონის ბოლოს დაიკავა, მეოთხე პოზიცია იყო.
მოურინიომ კი თავის მხრივ, 2015 წელს "ჩელსისთან" ერთად მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თუმცა მომდევნო სეზონში ნაჩვენები კატასტროფული შედეგების გამო გუნდიდან გააძევეს.
53 წლის სპეციალისტი არ უფრთხის გამოწვევას, რომელიც მას "ოლდ ტრაფორდზე" დახვდება.
"ეს გამოწვევა არ მანერვიულებს. ვფიქრობ, ჩემი კარიერის შესაფერის დროს მივიღე.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველთვის დიდი კლუბის მოლოდინით ვცხოვრობდი.
ვაცნობიერებ პასუხისმგებლობასა და მოლოდინს და ამავე დროს მემკვიდრეობას, რომელიც მხვდა, კლუბის ისტორიას და გულშემატკივართა ჩემ მიმართ მოლოდინს.
უდიდესი მოტივაცია მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ვარ, სად ყოფნაც მინდა", - განაცხადა პორტუგალიელმა.
მოურინიომ ასევე იპოვა სიტყვები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ეხება პრემიერ ლიგის სხვა კლუბების მწვრთნელებს:
"არსებობენ მწვრთნელები, რომელთაც ტიტული 10 წლის წინ მოიგეს, ზოგიერთს კი არასდროს მოუგია.
ჩემი ბოლო ტიტული გასულ წელს მოვიგე.
ჩემი თავის წინააღმდეგ ვთამაშობ. ვგრძნობ, უნდა დავუმტკიცო, არა სხვებს, არამედ ჩემს თავს.
არასდროს მიმუშავია წარუმატებლად - ეს არის ჩემი ბუნება"."იუნაიტედმა" ფერგიუსონის წასვლის შემდეგ პირველი ტიტული ქომუნითი შილდი მოიგო, ხოლო მეორე - ინგლისის თასი. მოურინიო ამბობს, რომ ვან გაალისა და დევიდ მოიესის შედეგების გაუმჯობესება საკმარისად კარგი მიღწევა არ იქნება.
"ამ სამუშაოს თავდაცვითი მნიშვნელობით ვერ მივუდგები და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ოთხეულში შესვლა და ინგლისის თასის მოგებაა. ამას ვერ გავაკეთებ.
გასული სამი წელი უნდა დავივიწყო. ფეხბურთელებმა არ უნდა იფიქრონ, უკეთესიც შეგვიძლიაო.
უკეთესობა მეოთხეზე გასვლაცაა. მე აგრესიული ვიქნები - ჩვენ მოგება გვინდა".წყარო:
skysports