მართალია, ხამეს როდრიგესი აშშ-ში დასასვენებლად იმყოფება, მაგრამ მის ირგვლივ გავრცელებული ჭორები არ წყდება.
კოლუმბიელ ფეხბურთელს მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობისას მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და ხამესს შანსი მხოლოდ მაშინ ეძლეოდა, როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს შორის ფრანგი მწვრთნელი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს ასვენებდა.
ის ფაქტი, რომ როდრიგესს ზიდანის პერიოდში მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და გულშემატკივართა სტვენასაც კი იმსახურებდა, მის ირგვლივ გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებზე გავლენას საერთოდ ვერ ახდენს და უკანასკნელი მათგანი ფრანგულ კლუბს უკავშირდება.
ფრანგული გამოცემა იტყობინება, რომ ფეხბურთელი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს მართავს.
"პსჟ სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო დიდ აქტიურობას აპირებს. უნაი ემერის, ჰატემ ბენ არფას, გრეგორჟ კრიხოვიაკისა და ტომაშ მინიეს შეძენის შემდეგ დირექტორთა ყურადღება ხამესისკენაა მიპყრობილი.
კლუბის პრეზიდენტთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, ჟორჟე მენდეშთან და ხამესთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია".
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ინტერესდებოდნენ.