პეპ გვარდიოლას დამხმარე მწვრთნელმა დომენეკ ტორენტმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს რესტორანში დაპატიჟებს და ეს მათი დაპირისპირების დასასრული იქნება.
გვარდიოლა და მოურინიო კიდევ ერთხელ იქნებიან კონკურენტი გუნდების მწვრთნელები, მაგრამ ამჯერად პრემიერ ლიგაში. მათ მიერ გაწვრთნილი გუნდების დაპირისპირების ისტორია ჯერ კიდევ საერთაშორისო დონეზე დაიწყო, როცა მოურინიოს "ინტერი" და გვარდიოლას "ბარსელონა" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდნენ, მოგვიანებით კი ესპანეთის ჩემპიონატში "ელ კლასიკოს" დონეზე გაგრძელდა და უეფა-ს სუპერ თასის გავლით ინგლისურ ფეხბურთამდე მიაღწია.
ესპანელისა და პორტუგალიელის გუნდები მომდევნო სეზონიდან მანჩესტერულ დერბიში გაუწევენ ერთმანეთს წინააღმდეგობას, თუმცა გვარდიოლას ასისტენტი ტორენტი ფიქრობს, რომ წარსულისა და მომავლის ფაქტები გვარდიოლას მოურინიოსადმი დამოკიდებულებაზე გავლენას არ მოახდენს.
"2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ გამართული პრესკონფერენციის გარდა მათ შორის თუ რამე მოხდა, ეს ჟოზესა და პეპს შორისვე დარჩა.
მანჩესტერი პატარა ადგილია და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს რესტორანშიც კი შეხვდებიან. ერთ დღეს მოურინიო გადაიხდის, მეორე დღეს პეპი. არა მგონია, პეპს ეს ყველაფერი აღელვებდეს", - განაცხადა ტორენმა.