ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი უეინ რუნის აქებს და მის შესაძლო რეკორდს ფანტასტიკურ მიღწევას უწოდებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ორშაბათს ისლანდიასთან მატჩში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში 115-ე შეხვედრას ჩაატარებს და ეს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგი იქნება მოედნის ფეხბურთელებს შორის.
"ფანტასტიკური მიღწევაა და მართლაც მოხარული ვარ, რომ რუნის ასე აქებენ თავისი თამაშის გამო. თუ ხალხი ფიქრობს, რომ რუნი საკმარისად კარგად ვერ თამაშობს, ამ აზრის ქონა მათი საქმეა, მაგრამ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ჩვენი კაპიტანია და მისი მჯერა როგორც ფეხბურთელის და როგორც ადამიანის.
პირველ ორ მატჩში კარგად ითამაშა და კვლავ გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა ამას ყველა არ აღიარებს.
ასეთი ძლიერი დაბრუნება და ამ ყველაფრის კეთება მატჩებში, რომლებშიც ჩვენ ვითამაშეთ, თავისთავად მეტყველებს მასზე, როგორც ადამიანზე და როგორც ფეხბურთელზე - ინგლისის ნაკრებში 115 მატჩის ჩატარება რაღაც განსაკუთრებულია", - განაცხადა ჰოჯსონმა.
უეინ რუნი ამ რეკორდის დამყარებით თავის ყოფილ თანაგუნდელს, დევიდ ბექჰემს აჯობებს. ჰოჯსონი ფიქრობს, რომ "იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი რუნის მიღწევით მოხარული იქნება.
"ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნაკრების რიგებში უამრავ მატჩს ატარებენ, წინააღმდეგი არ არიან, რომ ეს შედეგი ინგლისელმა ფეხბურთელმა გააუმჯობესოს, ასე რომ, ბექჰემი მოხარული იქნება.
უკვე შედეგია ის, რომ იმდენი მატჩი აქვს ჩატარებული, რამდენიც დევიდ ბექჰემს, იმედი მაქვს, ის უფრო მეტს ჩაატარებს. დარწმუნებული ვარ, ბექჰემიც ამას იმედოვნებს, რადგან ფეხბურთელებს ყოველთვის წარმატებას უსურვებს, ასე რომ, პირველი, ვინც რუნის მიულოცავს და წარმატებას უსურვებს რეკორდის დამყარებაში, სწორედ ბექჰემი იქნება".