დორტმუნდის "ბორუსიამ" "მანჩესტერ იუნაიტედში" ჰენრიხ მხითარიანის შესაძლო გადასვლაზე მიანიშნა, რამეთუ 27 წლის ფეხბურთელის შემცვლელის ძიებას შეუდგა.
როგორც ცნობილია, სომხეთის ნაკრების ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა თავისი კლიენტის ინტერესების დასაცავად "ბორუსიას" წინააღმდეგობას უწევს, რათა მხითარიანი "ოლდ ტრაფორდის" ახალწვეული გახადოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის კლუბი თავიდან უარს აცხადებდა ჰენრიხის გაყიდვაზე და მას კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო წლის ამოწურვასაც სთხოვდა, ახლა "ბორუსიამ" პოზიცია შეიცვალა და ეგუება იმას, რომ ფეხბურთელის წასვლა გარდაუვალია.
გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, რომ "ბორუსია" უკვე ეძებს მხითარიანის შემცვლელს და ლევერკუზენის "ბაიერს" კარიმ ბელარაბისთვის 36 მლნ. ევრო შესთავაზა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.
სომეხის კიდევ ერთ პოტენციურ შემცვლელად "ვოლფსბურგის" ნახევარმცველი ანდრე შიურლე მოიაზრება. ჭორების თანახმად, "ბორუსიამ" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "ჩელსის" ყოფილ ფეხბურთელთან.