დავიდ დე ხეამ ხორვატიასთან მატჩის შემდეგ თავის კრიტიკოსებს მოუწოდა, რომ კრიტიკა არ შეწყვიტონ, რადგანაც ამით მხოლოდ ძლიერდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ივან პერიშიჩის დარტყმული ახლო კუთხეში გაუშვა, რის შედეგადაც ესპანელები 2-1 დამარცხდნენ, ეს მარცხი კი მათთვის ევროპის ჩემპიონატზე პირველი იყო 2004 წლის შემდეგ.
დე ხეას, "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ახლო ძელთან გოლის გაშვების ტენდენცია დასჩემდა. ბოლო თვეებში მას ფილიპ კოუტინიომ და ჯეისონ პანჩონმა გაუტანეს ახლო კუთხეში, მანამდე კი ოლივიე ჟირუმ, ნაჩო მონრეალმა, დანიელ სტარიჯმა, ედენ აზარმა და კევინ მირალასმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას დე ხეას სისუსტედ მიიჩნევს, ესპანელი კრიტიკოსებს აქეზებს.
თავის "თვითერზე" მან დაწერა: "მხოლოდ დამარცხებული კარგავს ილუზიას. გმადლობთ კრიტიკასთვის, ის მოტივაციას მაძლევს. ბრძოლა გრძელდება".