"მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 10-კაციანი კონტიგენტი ჰყავდა და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თითოეული მათგანი აგრძელებს ტურნირზე გამოსვლას.
"წითელი" ეშმაკების ფეხბურთელები თამაშობდნენ საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, იტალიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებში. ფრანგთა რიგებში ენტონი მარსიალი და მორგან შნეიდერლინი, ინგლისში - უეინ რუნი, კრის სმოლინგი და მარკუს რეშფორდი, გერმანიაში - ბასტიან შვაინშტაიგერი, ესპანეთში - დავიდ დე ხეა, ბელგიაში - მარუან ფელაინი, იტალიაში - მატეო დარმიანი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში - პედი მაკნეირი ირიცხებიან.
საფრანგეთის ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც მისი მეტოქეები ალბანელები, შვეიცარიელები და რუმინელები იყვნენ. მარსიალისა და შნეიდერლინის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში ირლანდიელებს დაუპირისპირდება.
ინგლისელები B ჯგუფში უელსთან, სლოვაკეთსა და რუსეთთან ერთად გამოდიოდნენ და მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუნის, სმოლინგისა და რეშფორდის გუნდის მეტოქე მომდევნო მატჩში ისლანდიის ნაკრები იქნება.
შვაინშტაიგერის გერმანიამ C ჯგუფის ლიდერად დაასრულა ჯგუფური ეტაპი და პოლონეთს, უკრაინასა და მაკნეირის ჩრდ. ირლანდიას აჯობა. მსოფლიო ჩემპიონები მომდევნო ეტაპზე სლოვაკეთს, ინგლისის ნაკრების ყოფილ მეტოქეს შეხვდებიან, ხოლო ჩრდ. ირლანდიელები უელსელებს შეხვდებიან.
დე ხეას ესპანეთის ნაკრებმა ყველასთვის გასაკვირად ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ხორვატიასთან დათმო და D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა ჩეხეთისა და თურქეთის წინ. შედეგად, ევროპის მოქმედი ჩემპიონები დარმიანის იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან 1/8 ფინალურ მატჩში და როგორც მოსალოდნელია, "იუნაიტედის" ორივე ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში ერთმანეთის წინააღმდეგ ვიხილავთ. რაც შეეხება დარმიანის ნაკრებს, "სკუადრა აძურა" E ჯგუფში შვედეთის, ირლანდიისა და ფელაინის ბელგიის ნაკრებთან ერთად ასპარეზობდა და პირველი ადგილი დაიკავა. მარუანის თანაგუნდელები კი მეორე ადგილზე გავიდნენ და 1/8 ფინალში უნგრეთის ნაკრებს, F ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.