მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონი ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა (38 გატანილი გოლი), იგი შვედეთის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას ვერ ახერხებს. მოგეხსენებათ, გუშინ "ლურჯ-ყვითლები" იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი, იან რაითი აკეთებს.
"მე ვუყურე ზლატანის მიერ ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრას, სადაც მან თავი ძალიან ცუდად წარმოაჩინა. მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ მას უბრალოდ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა თანაგუნდელებისგან. შესარჩევ ეტაპზე შვედეთმა 18 გოლის გატანა მოახერხა, საიდანაც თავი 11-ჯერ სწორედ "შვედმა ღმერთმა" გამოიჩინა, ასე რომ, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ კარგად ვიცით."
შვედეთის ნაკრებმა ამ მარცხით სერიოზულად გაირთულა საქმე, ალბათობა იმისა, რომ ზლატანი ევრო2016-ს გამოეთიშება, ძალიან დიდია, თუმცა ეს ზლატანის პრემიერ ლიგაში შესაძლო გადასვლას დააჩქარებს.