მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვილიარეალიდან" ერიკ ბაიი შეიძინა, ჟოზე მოურინიო დაცვის ხაზის გაძლიერებას კიდევ ერთი მცველით აპირებს.
პორტუგალიელის სამიზნე იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩია, რომელიც ასევე იტალიელთა თავკაცს, ანტონიო კონტეს სურს თავის ახალ კლუბში, "ჩელსიში".
ბონუჩის სახელს "მანჩესტერ სიტისაც" უკავშირებენ, თუმცა "ქალაქელებისთვის" ის მხოლოდ სათადარიგო არჩევანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ემერიკ ლაპორტს ან ჯონ სტოუნსს ვერ შეიძენენ.
"იუნაიტედის" სკაუტები ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებიან და ბონუჩის აკვირდებიან. იტალიელი კი შესანიშნავ სათამაშო ფორმას აჩვენებს.
ლეონარდოს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წელს იწურება და "იუვენტუსი" მასში 50 მლნ. ფუნტს ითხოვს. თუმცა, რთულად წარმოსადგენია, რომ 29 წლის მცველში ასეთი თანხა ვინმემ გადაიხადოს და არც "იუნაიტედი" აპირებს იტალიის ჩემპიონებისთვის 25 მლნ. ფუნტზე მეტის გადახდას.