თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2016, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3509,
კომენტარები: 16
ჟოზე მოურინიო: დასაწყისი
საიდან იწყება "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის გზა.
ჟოზე მოურინიო: დასაწყისი
"ცხრა წლის ვიყავი, როცა მამა შობაზე სამსახურიდან დაითხოვეს. მწვრთნელი იყო, შედეგები კი ცუდი ჰქონდა და აი, მან 22 თუ 23 დეკემბერი წააგო. შობის წინა ღამეს ტელეფონმა დარეკა და ვახშმობისას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აცნობეს".

ჟოზე მანუელ მოურინიო ფელიში წარმატებული მეკარე იყო "ვიტორია სეტუბალისა" და "ბელენენსეშის" რიგებში თამაშისას, ერთხელ კი პორტუგალიის ნაკრებშიც გამოიძახეს, რის შემდეგაც ბუნდოვანი სამწვრთნელი კარიერა დაიწყო. ფელიშ მოურინიო 70-ანების დასაწყისიდან 90-ანების შუაში სხვადასხვა კალიბრის რამდენიმე პორტუგალიურ კლუბს წვრთნიდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დათხოვნისთვის უაღრესად კარგად შერჩეული დრო, გარდა მოზეიმე ოჯახის იმედგაცრუებისა, ასეთ ეფექტს მოახდენდა შვილზე, ჟოზე მარიუ დუშ სანტუშ მოურინიო ფელიშზე, ადამიანზე, რომელსაც ჟოზე მოურინიოს სახელით ვიცნობთ.

ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ ახსოვს მამის გაძევების ცივსისხლიანი გადაწყვეტილება, რომელიც გაურკვევლობის სახით არასასურველ საშობაო საჩუქრად მოევლინა ოჯახს. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ახალგაზრდა ბიჭისთვის, სამწვრთნელო გზას დასდგომოდა. პირიქით, ეს მის უმთავრეს მოტივაციად იქცა.

ახალგაზრდობაში, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ ფეხბურთელად ქცევის იმედთან გამოთხოვება მოუხდა, მოურინიო რეგულარულად უგროვებდა მამას მოწინააღმდეგე ფეხბურთელების შესახებ ინფორმაციას. სინამდვილეში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც თამაშობდა, მაგრამ ძირითადად პორტუგალიის მეორე დივიზიონში და ერთი პერიოდი მამის ხელმძღვანელობით "რიუ ავეშიც" კი ასპარეზობდა. მაგრამ იგი აცნობიერებდა მოთამაშის რანგში თავის უნარშეზღუდულობას და ხვდებოდა, რომ მისი მთავარი მოწოდება - მწვრთნელის სავარძელია. თითქმის მაშინვე, როგორც კი 20 წლის შესრულდა, ინგლისსა და შოტლანდიაში სამწვრთნელო კურსებზე შევიდა. ამავდროულად, როგორც კი მან ლისაბონში მწვრთნელის სერთიფიკატი მიიღო, მოთამაშის კარიერა დაასრულა.

მწვრთნელის რანგში ძალების მოსინჯვის პირველი შანსი მოურინიოს მაშინ მიეცა, როცა "ვიტორია სეტუბალის" ახალგაზრდულ გუნდში სამუშაოდ მიიწვიეს. "ვიტორიას" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის წყალობით ახალგაზრდა მწვრთნელმა ამადორის "ეშტრელას" მწვრთნელის თანაშემწის თანამდებობა მიიღო. "ეშტრელა" - პატარა კლუბი იყო, რომელიც ლისაბონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. 2010 წელს ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა. თუმცა, იმით მაინც შეუძლიათ იამაყონ, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის ჩამოყალიბებაში და თან კარიერის დასაწყისში.

1992 წელს, ერედივიზში პსვ-სთან ერთად ტიტულების მთელი რიგის მოგების შემდეგ, სამწვრთნელო საქმის ვეტერანმა ბობი რობსონმა "სპორტინგი" ჩაიბარა. მიხვდნენ რა, რომ ახალ მწვრთნელს პორტუგალიურად სასმელის შეკვეთაც კი არ შეეძლო (რომ არაფერი ვთქვათ ფეხბურთელებისთვის ტაქტიკური განლაგების შეგონებაზე), "სპორტინგმა" რობსონს თარჯიმანი დაუქირავა. მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც კლუბის სამზარეულოს იცნობდა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ინგლისურად თავისუფლად მეტყველებდა. მოურინიო იდეალურად ერგებოდა ასეთ თანამდებობას.

მოურინიოს როლი მხოლოდ მთარგმნელობით არ შემოიფარგლებოდა. მალე რობსონი მიხვდა, რომ მისი თანაშემწე, რომელიც თავის თავში დარწმუნებული იყო, შესანიშნავად ერკვეოდა მოედანზე სათამაშო მექანიკაში. ფეხბურთზე ხშირად საუბრობდნენ და თამაშის ყოველ წვრილმანს განიხილავდნენ. რობსონისთვის მოურინიო ერთგული მსმენელი იყო, ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც წინამდებარე მატჩისთვის მომზადებისას მიმართავდა. 2005 წელს რობსონმა გაიხსენა: "ხელში პირველი კლასის დოსიეს მაწვდიდა. საუკეთესო ნამუშევარი იყო მათ შორის, რომელსაც ჩემამდე მოუღწევია. 30 წელს ოდნავ გადაცილებული იყო, მაგრამ არასდროს ყოფილა მოთამაშე ან მწვრთნელი, რომელზე ლაპარაკიც ღირს, თუმცა ისეთ დასკვნებს აკეთებდა, რომ უკეთესი არასდროს მინახავს".

პირველ სეზონში დაკავებული მესამე ადგილის შემდეგ, 1993 წელს რობსონი "სპორტინგიდან" დაითხოვეს. უეფა-ს თასზე ზალცბურგის "კაზინო სვ"-სთან (ამჟამინდელი სახელწოდება - "რედ ბული") დამარცხების შემდეგ, პრეზიდენტმა სოუზა სინტრამ, ადამიანმა, რომელსაც რობსონმა "პრობლემის პოტენციური წყარო" უწოდა, ინგლისელი სამსახურიდან გააძევა. მის კარიერაში პირველად მოხდა, რომ დაითხოვეს.

ჟოზე მოურინიო: დასაწყისი


რობსონს თითქმის მაშინვე შესთავაზეს "პორტუში" მუშაობა. 1994 წლის იანვარში მან "დრაკონები" ჩაიბარა. რობსონს ამ სარისკო საქმის მარტო კეთება არ უნდოდა, ამიტომ ასისტენტად მოურინიო წაიყვანა. მანვე მისცა შანსი "ჩელსის" კიდევ ერთ მომდევნო მწვრთნელს, ანდრე ვილაშ-ბოაშს. მაშინ იგი 17 წლის იყო და იმავე სახლში ცხოვრობდა, სადაც "პორტუს" ახალი მწვრთნელი, რომელმაც ახალგაზრდას კლუბის სკაუტთა გუნდში გაერთიანება შესთავაზა.

რობსონმა და მოურინიომ "პორტუში" დიდ წარმატებას მიაღწიეს, რამეთუ 1993/94 წლებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც იოჰან კრუიფის "ბარსელონასთან" დამარცხდნენ, 1995 და 1996 წლებში კი შიდა ჩემპიონატი მოიგეს. ერთად მათ შექმნეს და აღადგინეს თვალწარმტაცი და შემტევი გუნდი, რომლის რიგებშიც ირიცხებოდნენ ისეთი ნიჭიერი ფორვარდები, როგორებიც ლიუბინკო დრულოვიჩი, დომინგუში და რუი ბარუში იყვნენ.

წარმატების მიღწევის შემდეგ რობსონი "ბარსელონამ" კრუიფის შემცვლელად მიიწვია. ჰოლანდიელის შეცვლა იოლი როდი გამოდგა, ის ხომ კლუბის ლეგენდა იყო ფეხბურთელობისა და მწვრთნელობის ჟამს და მასთან ერთად "ბარსამ" 1992 წელს პირველი ევროპული ტიტული მოიგო, 1991 წლიდან 1994 წლამდე კი ესპანეთში ზედიზედ ოთხჯერ ჰქონდა ტრიუმფი. რობსონმა კიდევ ერთხელ თან გაიყოლა მოურინიო.

ჟოზე მოურინიო: დასაწყისი


***


1997 წლის 14 მაისი, "ფეიენოორდ სტადიონი", როტერდამი. თასების მფლობელთა თასის ფინალში პსჟ-სა და "ბარსელონას" მატჩში კატალონიელები მე-18 წუთზე პენალტის დარტყმის უფლებას იღებენ. ნიშნულთან რონალდო მიდის. 20 წლის ბრაზილიელმა, რომელიც მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა, ფრანგთა საჯარიმოში ბრუნო ნ'გოტისთან შეჯახების შედეგად თავად გამოიმუშავა პენალტი. რონალდო დებს ბურთს, გარბის და ხედავს რა ფრანგი მეკარე ბარნარ ლამა მარჯვნივ იხრება, შუაში ურტყამს.

და თუმცა ორივე გუნდმა არაერთხელ მოახვედრა ბურთი კარის ჩარჩოში - ლუიშ ფიგუმ ერთ მომენტში ხარიხასა და ძელსაც კი გაარტყა - რონალდუს მიერ შესრულებული პენალტი საკმარისი აღმოჩნდა "ბარსას" გამარჯვებისთვის. რობსონმა და მოურინიომ გამარჯვება ერთად იზეიმეს. პორტუგალიელი ნახევარმცველ პეპ გვარდიოლას მკლავებშიც კი მოექცა. ეს ორი ადამიანი შესანიშნავად უგებდა ერთმანეთს და საფეხბურთო შეხედულებებს იზიარებდა. მათი შემხედვარი ვერაფრით იფიქრებდი, რომ 13 წლის შემდეგ მათ შორის ასეთი მტრობა ჩამოვარდებოდა.

ჟოზე მოურინიო: დასაწყისი


ყველა ფოტო იმაზე მიუთითებს, რომ ზეიმის დროს რობოსნი არ იმყოფებოდა ყურადღების ცენტრში. ფეხბურთელთა მასაში მოურინიო ჩანდა. მომდევნო თვეში "ბარსელონამ" სათასო ტრებლი მოიგო, რამეთუ თასების მფლობელთა თასსა და ესპანეთის სუპერთასს სამეფო თასიც შემატა. "ნოუ კამპზე" დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ ეს რობსონისთვის უკანასკნელი შეხვედრა აღმოჩნდება "ბარსას" თავკაცის რანგში.

რობსონი გენერალურ მენეჯერად დანიშნეს, მთავარი მწვრთნელის მოვალეობა კი ჰოლანდიელმა ლუი ვან გაალმა იკისრა. მოურინიომ თავისი თანამდებობა შეინარჩუნა და ამჯერად "აიაქსის" ყოფილი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. მომდევნო წლებში მისი გავლენა და წვლილი კიდევ უფრო გაიზარდა. მოურინიო ესპანურად ჯერ კიდევ კატალონიაში გადასვლამდე საუბრობდა, ამიტომ რობსონის თარჯიმნად იქაც იმუშავა. ინგლისელს პირველ პრეს-კონფერენციებსაც კი უთარგმნიდა. როცა ფეხბურთელებს ინსტრუქციებს აძლევდა, ისინი, ვინც ინგლისურს ფლობდნენ, ხვდებოდნენ, რომ მწვრთნელის ტაქტიკურ მითითებებს მოურინიო გარკვეულ ნიუანსებს უმატებდა და მათ უფრო დეტალურს ხდიდა.

გილერმო ბალაგიე თავის წიგნში: "პეპ გვარდიოლა: გამარჯვების სხვა მეთოდი", რომელშიც ცალკე თავი აქვს დათმობილი მოურინიოსა და გვარდიოლას მტრობას, წერს: "ნელა, მაგრამ დამაჯერებლად აწვდიდა მწვრთნელი თავის დამხმარეს გუნდთან ყოველდღიური მუშაობის უფლებამოსილებას. მისი დამხმარე ხოსე რამონ ალეშანკოც კი, რომლის სამსახურიც კლუბს შესთავაზა, იძულებული იყო, გავლენა და სამუშაოს ნაწილი ვარჯიშზე ახალგაზრდა პორტუგალიელისთვის ეწილადებინა.

მოურინიო იმ მომენტამდე რჩებოდა სერ ბობი რობსონის ერთგული, ინგლისელი კი თავის მხრივ გუნდზე თავის გავლენას ამცირებდა, რაც სამწვრთნელო "კუნთებით" თამაშისა და კლუბზე გავლენის გაზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევდა. მოურინიო თავისი ყოფილი მწვრთნელის შესახებ: "მასთან ბევრით ვარ დავალებული. როცა პორტუგალიაში მოვიდა, არავინ ვიყავი. პორტუგალიის ორ კლუბში მამუშავა, მერე კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში წამიყვანა. ერთმანეთს არ ვგავართ, მაგრამ მისი წყალობით მივხვდი, რას ნიშნავს იყო ექსტრაკლასის მწვრთნელი".

***


"ბარსელონაში" ვან გაალის ყოფნის პირველ ორ წელს კლუბმა ორჯერ მოიგო ლა ლიგა. ჰოლანდიელმა მოურინიოს საშუალება მისცა იგივე გავლენა ჰქონოდა, რაც მისი წინამორბედის დროს. მკაცრმა, მეწვრილმანე მწვრთნელმა, რომელიც კონტროლს აღმერთებს, ვან გაალმა მისთვის დამახასიათებელი ბევრი ნიშანი დაინახა ახალგაზრდა დამხმარეში. ჰოლანდიელმა ტაქტიკოსმა რამდენიმე წლის შემდეგ მოურინიო ასე არწერა: "თვითკმაყოფილი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც სხვების ავტორიტეტს არც ისე სცემდა პატივს, რაც მომწონდა. მორჩილი არ იყო - როცა ვცდებოდი, მეწინააღმდეგებოდა. ამის გამო მის აზრს ყოველთვის ვისმენდი. ბოლოს ისე მოხდა, რომ მას უფრო ხშირად ვუსმენდი, ვიდრე დანარჩენ ასისტენტებს".

მიუხედავად საწყის წლებში მიღწეული წარმატებისა, ვან გაალი 2000 წელს კლუბიდან დაითხოვეს, მეტწილად იმის გამო, რომ ერთი წლით ადრე "ბარსელონას" ჩემპიონთა თასი მეორედ ვერ მოაგებინა, რაც კარგი საჩუქარი იქნებოდა კლუბის 100 წლის იუბილესთვის. კატალონიელებს მიაჩნდათ, რომ 100 წლის იუბილეზე ტიტულის მოგება ბედისწერა იყო, მით უმეტეს, რომ ფინალი მათ სტადიონზე ჩატარდა. მაგრამ ისინი ჯგუფში ჩარჩნენ, რამეთუ მესამე ადგილზე გავიდნენ და იმ ორ გუნდს ჩამორჩნენ, რომლებიც მოგვიანებით ტურნირის ფინალისტები გახდნენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი".

ამ მომენტში "ბარსელონასა" და მოურინიოს გზები გაიყარა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ლუის ნუნიესი ჟოზეს ჯიუტად "თარჯიმანს" ეძახდა - ეს ზედმეტსახელი კატალონიური პრესის გამო მიეწება. მიხვდა რა, მისი სამუშაო ასისტენტის რანგში დასასრულს მიუახლოვდა, პორტუგალიელმა მთავარი მწვრთნელობა გადაწყვიტა.

***


"ბენფიკა" - ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი, ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული ბელ გუტმანის თაოსნობით. მოურინიო იხსენებს: "როცა ვან გაალს პორტუგალიაში ასისტენტის პოსტის დასაკავებლად დაბრუნების შესახებ ვუთხარი, მან მიპასუხა: "არა, არ ღირს. "ბენფიკას" უთხარი, რომ მხოლოდ მაშინ დათანხმდები, თუკი გუნდს ჩაგაბარაბენ, მაგრამ ასისტენტობაზე უარი თქვი".

როცა 2000 წელს "ბენფიკამ" გერმანელი იუპ ჰაინკესი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა, მოურინიო მის მემკვიდრედ დაინიშნა. მაგრამ ეს მოკლევადიანი დებიუტი იყო. მოურინიო დირექტორთა საბჭოს თავიდანვე შეეწინააღმდეგა, როცა უარი თქვა კლუბის ხელმძღვანელობის შეთავაზებაზე, პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ჟეზუალდუ ფერეირა თავის ასისტენტად დაენიშნა. მოურინიომ "ბენფიკას" ყოფილი მცველი კარლოს მოზერუ აირჩია.

ახალ თანამდებობაზე ყოფნის რამდენიმე კვირის შემდეგ მოურინიო თავის ყოფილ მწვრთნელს, ბობი რობსონს დაუკავშირდა. რობსონმა ის-ის იყო "ნიუკასლ იუნაიტედი" ჩაიბარა და სურდა, რომ ჟოზე მისი დამხმარე გამხდარიყო. იმდენად უნდოდა კიდევ ერთხელ გაერთიანება, რომ მოურინიოს შესთავაზა, ორი წლის შემდეგ იგი ჩამდგარიყო კლუბის სათავეში. მოურინიომ ცდუნებას გაუძლო, რამეთუ იწინასწარმეტყველა, რომ გამოცდილ ინგლისელს, რომელიც უკვე 60 წელს გადასცილებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა ბავშვობის საყვარელი კლუბის გაწვრთნაზე უარის თქმა. მოურინიომ გადაწყვიტა, თავის გეგმას მიყოლოდა და სამშობლოში თავის გზას დაადგა.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო არ ჰგავს ადამიანს, რომელიც რამეს ნანობს, ალბათ, ენდომებოდა დროის უკან დაბრუნება და რობსონის შეთავაზების მიღება. 9 მატჩის შემდეგ მან "ბენფიკას" დატოვება გადაწყვიტა. ცუდი შედეგები არ ჰქონდა. იმ პერიოდში დერბიში "სპორტინგი" 3-0 დაამარცხეს. მაგრამ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე ცვლილებების განხორციელების შემდეგ მიხვდა, რომ მისი ძალაუფლება შეიზღუდებოდა. დერბიში გამარჯვების შემდეგ ახალ პრეზიდენტს, მანუელ ვილარინიუს შეხვდა, რათა ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი მოეთხოვა. ეს ერთგულების ტესტი იყო. მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და მოურინიო გადადგა.

ჟოზე მოურინიო: დასაწყისი


სეზონის უმეტესი ნაწილი უმუშევრად გაატარა, 2001 წლის აპრილში კი ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე "უნიან ლეირია" ჩაიბარა. გუნდი რეკორდულ მეხუთე ადგილამდე მიიყვანა. "ლეირია" წლების განმავლობაში სატურნირო ცხრილის შუაში ექცეოდა, მაგრამ მოურინიოს გავლენით ისინი პრემიერ ლიგის სათავეში მოხვდნენ. მათმა ამბიციურმა, აგრესიულმა ახალგაზრდა მწვრთნელმა გუნდი დაბალანსებულ, ორგანიზებულ, მტკიცე კოლექტივად აქცია, რომლის დამარცხება რთული იყო. ახლა ეს ხასიათი მოურინიოს გუნდის სინონიმებია. მისი ფეხბურთელები სტატუს-კვოს არღვევდნენ და გადაღლილ ელიტას ბრძოლაში იწვევდნენ. "ლეირიას" მთავარი მწვრთნელობის პირველ სრულ სეზონში მისი გუნდი იანვრისთვის მესამე ადგილზე იმყოფებოდა და "პორტუსა" და "ბენფიკას" ასწრებდა.

პორტუგალიური სამწვრთნელო ცეხის ამომავალმა ვარსკვლავმა, რომელიც მაშინ მხოლოდ 39 წლის იყო, "ლეირია" ტურნირის საშუალო დონის გუნდიდან მამაც კოლექტივად აქცია, რომელსაც არავისი ეშინოდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მალე "პორტუ" დაინტერესდა თავისი ყოფილი თანამშრომლის სამსახურით. ამის შემდეგ ევროპული ფეხბურთი აღარასდროს იქნება ადრინდებური.

ავტორი: რაიან ბალდი
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
19 ივნისი 2016 12:24
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ყოჩაღ ავტორს ძალაინ მაგარი სტატიაა 3d_5
0
№2
ავტორი: ikeoni
19 ივნისი 2016 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Jozeeeee <3 <3 <3
0
№3
ავტორი: tupaca
19 ივნისი 2016 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
2004 წლის მერე სულ მეშინოდა მაურინიოს გუნდების და ეხლა მიხარია ჟოზე ჩვენთან როა, მომწონს მისი ჟილკა და აზროვნება გამარჯვება ნებისმიერი მეთოდით
0
№4
ავტორი: GeorgeBest
19 ივნისი 2016 13:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმეაზე ცუდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს რაც ვან გაალმა ათამაშა. პირველ რიგში კარგ ტრანსფერებს ველი და რაც მთავარია დაცვის ხაზის გაძლიერებას, ბევრი წავა დარწმუნებული ვარ და ბევრიც მოვა, ვან გაალმაც ასე გააკეთა, მაგრამ იმედია ეს მაინც გამოდგება გამართლებული
0
№5
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2016 13:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს მოუს კარიერის აისის შესახებ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მძღოლი თუ რაღაც ამგვარი იყო. სინამდვილეში კი ყველა, ვისაც მასთან უმუშავია, ერთხმად აღნიშნავს, რომ ტაქტიკური განსწავლულობა ჯერ კიდევ მაშინ ემჩნეოდა, როცა თარჯიმანის როლს ასრულებდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: აკო
19 ივნისი 2016 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
რა ანერვიულეს ასეთი ბარსელონაში ნეტა ასეთი :D თმის გათეთრება მაქედან დაწყებია
0
№7
ავტორი: Iunaitedi
19 ივნისი 2016 14:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Sagol RojoDiablos ::)) sasiamovnoa eseti statiebis wakitxva.
0
№8
ავტორი: hemi
19 ივნისი 2016 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
დიდი წარსული აქ და იმედია უფრი დიდ მომავალს შექმნის ჩვენთან ერთად
0
№9
ავტორი: stepno
19 ივნისი 2016 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Joze mouriniom warmatebas rogor ver unda miagwios ver vxvdebi ubralod darwmunebuli var am welshi ukve tituls movigebt da umedia es tituli premierliga iqneba.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივნისი 2016 19:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა... ფაქტია ყველგან კარგი შედეგი დადო და რაღა ჩვენთან ჩაფლავდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top