"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ანტონიო ვალენსია აცხადებს, რომ ის და მისი ეკუადორელი თანაგუნდელები კოპა ამერიკის მეოთხედინალიდან გავარდნის შემდეგ კრიტიკის მისაღებად მზად არიან.
"წითლების" ვინგერი 52-ე წუთზე მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს, ამ დროს კი მისი გუნდი სიეტლში აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ 1-0 მარცხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ჯერმეინ ჯონსის გაძევების შემდეგ ამერიკელებიც კაცნაკლულნი დარჩნენ, "ლა ტრიკოლორმა" შეხვედრა 2-1 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ ვალენსიამ ვიდეო გადაიღო, რომელიც პირად ინსტაგრამ გვერდზე ატვირთა და გულშემატკივრებს მიმართა:
"ოთხი დღის წინ ჩვენ თქვენს მოლოცვებს ვიღებდით, ახლა თქვენს კრიტიკას ვიღებთ. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. იხარე, ეკუადორ. სამ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შევხვდებით. მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს!"
კოპა ამერიკის გათამაშებიდან ეკუადორის ნაკრების გავარდნა ნიშნავს, რომ არგენტინის ნაკრები ერთადერთია, რომლის ფეხბურთელებიც "იუნაიტედს" ამ ტურნირზე წარმოადგენენ.
"წითლების" მეკარე სერხიო რომერო და მარკოს როხო მეოთხედფინალში ვენესუელას ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.