"იუვენტუსისა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ალვარო მორატა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გააკეთებს არჩევანს.
ამჟამად 23 წლის მორატა ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრების რიგებშია, მაგრამ მისი მომავლის შესახებ ჭორები არ წყდება და მას კარიერის გახანგრძლივებას უწინასწარმეტყველებენ როგორც ინგლისში, ისე ესპანეთში.
მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულს "რეალი" მორატას გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს, რათა ალვარო მოგვიანებით უფრო ძვირად გაყიდოს - დაახლოებით 47 მლნ. ფუნტად.
თავად ალვარო "რეალში" თამაშზე კვლავ ოცნებობს, მაგრამ ესმის, რომ ჯანმრთელი კარიმ ბენზემას ფონზე მას რეგულარული სათამაშო დრო არ მიეცემა. ამიტომაც იძულებულია, რომ თავისი მზერა სხვა კლუბებისკენ მიმართოს.
ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ მორატას თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ "არსენალში" და პსჟ-ში გადასვლის ვარიანტებს არ განიხილავს. თავის არჩევანს ესპანელი "ჩელსისა" და "იუნაიტედს" შორის გააკეთებს და მასზე გავლენას კლუბების მთავარი მწვრთნელების პერსონა იქონიებს.
"ჩელსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავის დროზე დიდი როლი ითამაშა მორატას "იუვენტუსში" გადასვლაში, ხოლო "იუნაიტედის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2010 წლის დეკემბერში მორატას "რეალის" რიგებში სადებიუტო შეხვედრის ჩატარების საშუალება მისცა.