ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ახალი კლუბი მისი სახით შეიძენს არა ვეტერანს, არამედ ფეხბურთელს, რომელიც თავის საუკეთესო ფორმაში იმყოფება.
მოსალოდნელია, რომ 34 წლის იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" გააფორმებს კონტრაქტს და ამ ამბავს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. ერთნი ფიქრობენ, რომ შვედი მხოლოდ 1 წლით შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს და შემდეგ რეგრესი ექნება, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ იბრაჰიმოვიჩმა თავისი მაქსიმუმი უკვე აჩვენა.
თავად ფეხბურთელი კი არცერთ მოსაზრებას არ იზიარებს და თვლის, რომ დროის სვლასთან ერთად უკეთესი ხდება.
"ყოველი გასული წლის შემდეგ უკეთესი ვხდები. განვითარებას ვაგრძელებ და ყოველთვის ახალ რამეს ვსწავლობ, არასდროს ვარ დაკმაყოფილებული.
დამშეული უნდა იყო, რათა უკეთესი გახდე. როცა ვგრძნობ, რომ რამეს მივაღწიე, ახალ გამოწვევას ვიღებ. სიახლე მჭირდება, სწავლა და მოედანზე შრომა უნდა გავაგრძელო. ვიცი, რაც მინდა და ვიცი, რომ მივაღწევ - აი ასე.
მინდა თამაში, იმის ჩვენება, რომ ჩემნაირ ლეგენდას ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია. ვდომინირებდი ყველგან, სადაც ვიყავი, ასე რომ, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. დომინირებას ახლაც ვაგრძელებ. ზურგს უკან ძლიერი სეზონი მაქვს, აქ კი იმისთვის ვარ, რომ სიამოვნება მივიღო", - განაცხადა შვედმა.