ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე რამდენიმე საათის წინ დე ხეას წინააღმდეგ აგორებულ ინციდენტს გამოეხმაურა.
დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ესპანეთის ნაკრების მთელი შემადგენლობა და პერსონალი დე ხეას, რომელსაც გუშინ სექსუალური ხასიათის ძალადობა დასდეს ბრალად, მხარს დაუჭერს.
"ვფიქრობ, დავიდმა ყველაფერი განმარტა და უნდა გავიგოთ, რომ მას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს. თანაგუნდელები დავიდს ასეთ მძიმე დროს მხარს უჭერენ. ყველაფერი წესრიგშია, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ."
ასევე "ფურია როხას" მწვრთნელმა დე ხეას ევროპის ჩემპიონატიდან მოკვეთაზე ისაუბრა და ეს ფაქტი გამორიცხა.
"ნაკრები დავიდის სახლში გაშვების იდეასაც გამორიცხავს. ჩვენ დე ხეას განმარტებას ველოდით. მან თქვა, რომ არაფერი გაუკეთებია და ჩვენც მისი გვჯერა."
ჩეხეთის წინააღმდეგ ევრო 2016-ის პირველ მატჩში გუნდის პირველი კიპერის შესახებ დასმულ კითხვას დელ ბოსკემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: "ამჟამად რთული პერიოდი გვაქვს და ამის შესახებ უნდა ვიფიქროთ. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა დავიდი,"-აცხადებს 65 წლის სპეციალისტი