დავიდ დე ხეა თავისი კლუბის არჩევანს იწონებს.
დავიდ დე ხეა ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიო არის მწვრთნელი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდებოდა.
მოურინიომ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ლუი ვან გაალი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული ორი წლის განმავლობაში კლუბს ერთადერთი ტიტული მოუპოვა ინგლისის თასის სახით.
თუმცა ეს ტიტული პირველი გამოდგა 2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლის შემდეგ, მაგრამ ჰოლანდიელი ვერც ამგვარმა შედეგმა იხსნა.
დე ხეა "იუნაიტედის" გადაწყვეტილებას და მოურინიოს დანიშვნას შემდეგ კომენტარით გამოეხმაურა:
"ვფიქრობ, "იუნაიტედს" მისი მსგავსი მწვრთნელი - გამარჯვებულის ხასიათის მქონე მწვრთნელი სჭირდებოდა.
მოურინიოს დანიშვნის გადაწყვეტილებისას "იუნაიტედი" სწორად მოიქცა".ვან გაალმა "წითლები" ვერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან, პრემიერ ლიგაში დაკავებული ადგილით კი კლუბს მომდევნო სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზური ვერ მოუპოვა.
თავის მხრივ, არც კლუბის სათამაშო სტილი იყო მოსაწონი და ასეთი შედეგების ფონზე დე ხეა ახლოს იყო "ოლდ ტრაფორდის" დატოვებასთან, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა.
ესპანელის სახელს კვლავ უკავშირებენ მადრიდულ გრანდს, მაგრამ დავიდი აღნიშნავს, რომ ის მანჩესტერში ბედნიერია.
"ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ არც მაღელვებს. კონტრაქტის მიხედვით მანჩესტერში კიდევ სამ წელს ვრჩები, ეს კი არის კლუბი, რომელმაც ყველაფერი მომცა. ამასთან, ახლა არაფერზე ვფიქრობ ეროვნული ნაკრების გარდა.
"რეალიდან" ჩემთვის არავის დაურეკავს, გაზეთების პირველ გვერდზე უკვე დევს ჩემი ფოტოსურათები, მაგრამ მე მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ. ევროპის ჩემპიონატი იწყება და ახლა სხვა რამეზე ვერ ვიფიქრებ".წყარო:
skysports