ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი აღიარებს, რომ მისი თამაში ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალა და სხვა ტიპის ფეხბურთლად იქცა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ დადებითი კუთხით მოხდა.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დღევანდელ მატჩს რუნი ნახევარდაცვაში ითამაშებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა ადრე თვითონ შეადარა თავისი თავი პოლ სქოულზს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ თავდასხმიდან ნახევარდაცვაში გადასვლა მას ცუდ მოთამაშედ აქცევს. "ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფეხბურთს უყურებს, თავისი აზრი აქვს. ვიცი, რაც შემიძლია და არ ვაპირებ აქ ჯდომისას თავი დავიცვა.
ფეხბურთს უკვე მრავალი წელია ვთამაშობ და მესმის, რომ ბოლო წლებში ჩემი თამაში საკმაოდ შეიცვალა. ჩემი აზრით, უკეთესობისკენ. მე რომ თითოეული ადამიანის აზრს ვუსმენდე, ამას ჩემზე გავლენა ექნებოდა, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს ვუსმენ. ვიცი, რაც არის ჩემთვის ყველაზე კარგი.
ჩემი თამაში შევცვალე. მინახავს მოთამაშეები და მითამაშია მოთამაშეებთან, რომლებიც გამოიცვალნენ და უკეთესები გახდნენ. ეს ჩვეულებრივი რამ არის.
"იუნაიტედის" რიგებში ბოლო თვეებში ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და ესეც ჩვეულებრივია ფეხბურთში. ასეთი რამ ხდება. ვგრძნობ, რომ ჩემი გამოცდილების ხარჯზე იქ თამაში შემიძლია და სწორედ იქ ვხედავ ჩემს მომავალ კარიერას.
სიმართლე გითხრათ, ჩემი საყვარელი პოზიცია მოედანზე ყოფნაა. ჩემი ამბიციები და ჩვენი ამბიციები ამ ტურნირთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ კარგად ვიასპარეზოთ და მისი მოგება ვცადოთ.
გვჯერა, რომ კარგი გუნდი გვყავს. საფეხბურთო ტურნირზე წარმატების მისაღწევად მცირე იღბალიც არის საჭირო, მაგრამ გვჯერა, რომ ამისთვის ოსტატობა არ გვაკლია. ტურნირი იწყება, ჩვენ აღელვებულები ვართ. მოუთმენლად ველით თამაშს", - განაცხადა კაპიტანმა.