მოგეხსენებათ დევიდ მოიესი სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად მოგვევლინა, მას შემდეგ რაც ლეგენდარულმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა. შოტლანდიელმა 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა მან მხოლოდ 10 თვე დაჰყო "ოლდ ტრაფორდზე," არასასურველი შედეგების გამო.
სწორედ მოიესის ერთადერთი შენაძენი იყო მარუან ფელაინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა მის გადმოსვლას "ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივართა მხრიდან მოიესის კრიტიკა მოყვა. წლების შემდეგ ბელგიელმა ნახევარმცველმა მოიესის შესახებ ისაუბრა:
"მოიესი, ის ჩემთვის მეორე მამა იყო. ჩემს მიმართ ყოველთვის სიმკაცრეს იჩენდა, თუმცა ეს ჩემს სასიკეთოდ ხდებოდა. ყოველთვის მსჯიდა, ხშირად გამიყვანდა სავარჯიშო მოედანზე და ინდივიდუალური პროგრამით მავარჯიშებდა."
"ჩვენ რამდენიმე სახის ვარჯიშს ვაკეთებდით: ტექნიკურს, ფიზიკურსა და ტაქტიკურს. მან და ამ ყველაფერმა ჩემი გაუმჯობესება გამოიწვია. ის მეხმარებოდა როგორც "ევერტონში", ასევე "იუნაიტედში" გადასვლის დროსაც."
"როდესაც მისი "იუნაიტედიდან" დათხოვნის შესახებ გავიგე ვტიროდი. მე არ მრცხვენია ამის აღიარების, რადგან ის ჩემთვის ყველაფერი იყო. ის დიდებული მწვრთნელია და ჩვენ ისევ ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან."