"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ ერნანდესი ფიქრობს, რომ "წითელი ეშმაკებისა" და მადრიდის "რეალის" რიგებში მას არასდროს მიუღია საკმარისი შანსი თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად.
ერნანდესმა "იუნაიტედში" გატარებული ხუთი წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის ორი ტიტული და ამდენივე ქომუნითი შილდი მოიგო, ხოლო 2014 წელს "რეალს" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევაში დაეხმარა. თუმცა, მექსიკელი არასდროს ითვლებოდა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად.
ბუნდესლიგაში გატარებულ პირველ სეზონში ყველა ტუნირზე ჩატარებულ 26 მატჩში გატანილი 17 გოლის შემდეგ კი, 28 წლის ფორვარდი ხმამაღლა აცხადებს, რომ მას "ოლდ ტრაფორდსა" და "სანტიაგო ბერნაბეუზე" უფრო მეტის მიღწევა შეეძლო.
"ყველანი ვიცნობთ "იუნაიტედისა" და "რეალის" ისტორიას - ევროპული თასები, ყველაფრისთვის ბრძოლა - მაგრამ მე ახლა ბუნდესლიგის მესამე გუნდში ვთამაშობ.
"იუნაიტედში" ან "რეალში" უფრო მეტი შანსი რომ მიმეღო, ალბათ, ვარსკვლავი გავხდებოდი, ეგ არავინ იცის. მაგრამ შანსი არ მიმიღია. არასდროს მოუციათ ზედიზედ 20 შეხვედრის ჩატარების შანსი, ასე რომ, ხალხი თამამად იტყოდა: "ის კარგი ფეხბურთელია, დაე, დარჩეს" ან "ის ვერ იქნება ვარსკვლავი - ცუდი ფეხბურთელია".
ჰკითხეთ "იუნაიტედის" ქომაგებს. ბევრი იქნება ასეთი. "იუნაიტედში" მხოლოდ 85 შეხვედრა ჩავატარე სასტარტო შემადგენლობაში და ჯამში 60 გოლი გავიტანე. "რეალში" მხოლოდ 12 შეხვედრა დავიწყე ძირითადში და 9 გოლი გავიტანე. "ლევერკუზენში" 37 მატჩი დავიწყე და 26 გოლი გავიტანე. განსხვავება ის არის, რომ "ლევერკუზენს" მოედანზე ჩემი ყოფნა სურს. სხვებს არ სურდათ".