"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ აღიარა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუი ვან გაალის გათავისუფლებას იგი არ გაუკვირვებია.
ერერა ვან გაალის ერთ-ერთი პირველი ახალწვეული გახდა, როცა ჰოლანდიელი სამუშაოდ "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდა, თუმცა ესპანელმა ბოლო სეზონში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში.
ანდერი აღიარებს, რომ ვან გაალის მადლიერია, თუმცა მის გაძევებას სამართლიანად მიიჩნევს.
"ყველაზე კომფორტული დრო არ იყო, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ყურადღებას ვერაფერი გაგვიფანტავს. უნდა ვაღიარო, რომ მწვრთნელი მთელი ამ ხნის განმავლობაში სულიერ სიძლიერეს ინარჩუნებდა. სუსტ მხარეებს არ ავლენდა და სეზონის ბოლოს ინგლისის თასიც მოვიგეთ. ვან გაალი სამართლიანი ადამიანია და "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე წინ აყენებდა.
მაგრამ დღეს ფეხბურთში ვერაფერი გაგაკვირვებს. "იუნაიტედი" ვალდებულია, ნებისმიერ ტიტულისთვის იბრძოლოს და როცა ამ ბრძოლას ვაგებთ, მწვრთნელის გაძევება ერთ-ერთი მოსალოდნელი გამოსავალია.
ვფიქრობ, მან დიდწილად კარგი სამუშაო გასწია. მისი მადლიერი ვარ, რადგანაც მე მომიყვანა და ორ წელიწადში 70-ზე მეტი მატჩის ჩატარების საშუალება მომცა, შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში", - განაცხადა ერერამ.
26 წლის ბასკმა ასევე ისაუბრა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შესაძლებლობაზე. "მოურინიო - ეს უნიკალური შესაძლებლობაა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობისა. მან თავისი მეთოდებით დიდ წარმატებას მიაღწია და მინდა, მისგან ვისწავლო და სრულყოფილებას მივაღწიო. მის მოსვლას ისე ვიღებ, როგორც ჩემი განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ მისი სტილი "იუნაიტედისთვის" შეუფერებელია. ჩემთვის კი ეს სასაცილოა. გაიხსენეთ, როგორ თამაშობდა მოურინიოს "ჩელსი" ფაბრეგასით, ვილიანით, ოსკარით, აზარითა და დიეგო კოშტათი. ნახევარმცველებს შორის მატიჩი დაცვითი მანერით თამაშობდა. ნუთუ ეს არ არის სანახაობრივი სათამაშო სტილი? თუნდაც მადრიდში, როცა მისმა გუნდმა გოლების რეკორდული რაოდენობა გაიტანა ერთ წელიწადში?
გარდა ამისა, ის არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს ზეწოლას ხსნის, მწვრთნელი, რომელიც დარტყმას თავის თავზე იღებს, რათა მისმა ფეხბურთელებმა მოდუნება შეძლონ. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ მისმა "ჩელსიმ" გასულ სეზონში 4 ტურით ადრე მოიგო პრემიერ ლიგა", - დაასრულა ანდერმა.