"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის მზად არის და კარგ ფორმაში იმყოფება.
ინგლისის ნაკრები ხუთშაბათს პორტუგალიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში ეთამაშება, მოგვიანებით კი მარსელში რუსეთს 11 ივნისს დაუპირისპირდება. "საამაყო მომენტია გუნდის კაპიტნობა ასეთ ტურნირზე. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ მრავალგვარი უნარის მქონე. ტრავმა არ მაქვს, არადა, ბევრ ტურნირზე მცირე დისკომფორტს განვიცდიდი. ჩემი ფიტნესითა და ფორმით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა რუნიმ.
რუნიმ ავსტრალიასთან მატჩში "სამ ლომთა" მეორე გოლი გაიტანა, უფრო ადრე, მატჩის დაწყებიდან 2 წუთის შემდეგ კი, "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთმა ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა თავის სადებიუტო შეხვედრაში პირველი გოლით გამოიჩინა თავი და ეს მოხდა "იუნაიტედის" პირველ გუნდში დებიუტიდან 100 დღის შემდეგ.
"მარკუსმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოჩენის დღიდან თავისი თამაშით ყურადღება მიიპყრო და ის, თუ როგორ ითამაშა სეზონის ბოლომდე, უბრალოდ, საოცრებაა. მან ნამდვილად დაამტკიცა, რაც შეუძლია, რამეთუ ინგლისის ნაკრებში პირველი გოლი პირველივე წუთებში გაიტანა.
ვფიქრობ, რაც მასში ყველაზე მეტად სასიამოვნოა, მისი საქმისადმი მიდგომაა. უმაღლესი დონეა და ეს ჩანს სასტუმროსა და სავარჯიშო მოედანზე, ის ამას იმსახურებს. ჩვენთვის დიდი პოზიტივი იქნება".