თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2017, 18:48
ავტორი: Wardell,
ნანახია: 7945,
კომენტარები: 0
"how to get better" - ანუ ჟოზეს სინდრომი
სუსტი რგოლების გამყარება 2016/17 წლების სეზონის წინ.
21 მაისი - სწორედ ამ დღეს დასრულდა "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონი ოფიციალურად. გრძელი, დამღლელი, ცვალებადი ემოციებით დახუნძლული და ბოლოს მაინც მოტკბო საფეხბურთო წელიც უკან მოვიტოვეთ და კვლავ წინ ვიხედებით, იმედებით და წარმატების წყურვილით. 21-ში ყველამ შვებულება მიიღო, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც კარინგტონის საფეხბურთო ბაზას ვეღარასდროს დაუბრუნდებიან, ამ სიაში ლუი ვან გაალი და მისი შტაბი მოხვდა, რომლებსაც "წითელი არმია" დიდი სიხარულით დაემშვიდობა: ჰოლანდიელიც არ გამოდგა რჩეული, ვერც მან შეძლო ფერგის გაკვალულ კალაპოტში დინება და სახლისკენაც მიუთითეს, არადა როგორ იმედიანად ვიყავით, როცა მისი გვარი დაიბეჭდა "იუნაიტედის" მაისურზე.

"ოცნებათა თეატრის" ძალიან მკაცრი, მომთხოვნი, თუმცა, ამავდროულად, სამართლიანი აუდიტორიის წინ, სცენაზე ახალი "კონკურსანტი" გამოჩნდა, რომელიც წინამორბედის მსგავსად უაღრესად გამოცდილი, წარმატებული და სახელგანთქმულია. კულისებიდან პორტუგალიელი, "განსაკუთრებული" ჟოზე მოურინიო გამოდის და პუბლიკაც, შესაბამისად, ძალიან ბევრს მოითხოვს მისგან, ცეცხლის რგოლებში გაძრომა და ნიანგებთან თამაში მხოლოდ დასაწყისია. თუმცა გამოსვლის დაწყებამდე ჟოზეს ვან გაალის მიერ არეული სცენის მოწესრიგება მოუწევს, ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს და ზოგი დაკარგულიც თავად მოიტანოს, დაკარგული ნივთი კი არცთუ ცოტაა: ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, მარჯვენა შემტევი და ცენტრ-ფორვარდი. სწორედ ამ ოთხ, ჩემი აზრით, ოთხ სუსტ რგოლზე, მინდა ვისაუბრო.

დაცვის ცენტრალური ზონა

გასულ სეზონში, ყველასდა გასაკვირად, "იუნაიტედმა" საუკეთესო შედეგი აჩვენა გაშვებული გოლების მაჩვენებლის მხრივ. 38 შეხვედრაში მხოლოდ 35 მიღებული ბურთი დამეთანხმებით, რომ კარგი მაჩვენებელია, თუმცა ამ შედეგს მხოლოდ დაცვაში მოთამაშე კვარტეტს ვერ მივაწერთ, კარს ხომ სუპერ დავიდი იცავს, რომელიც მესამე სეზონია საუცხოო პერფორმანსებს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი დაცვითი ხაზით გუნდმა მხოლოდ თამაშების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა ჩაატარა, ცენტრალურ მცველთა წყვილი თითქმის ყოველთვის უცვლელი იყო, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ საბოლოოდ გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. სმოლინგისა და ბლინდის დუეტმა საკმაოდ მაღალი კლასი აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სახელები და გვარები ფეხბურთს არ თამაშობენ, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ გუნდს ახალი ცენტრალური მცველი სჭირდება, რომელიც უკვე მაღალ დონეზე თამაშობს და შეძლებს ღირსეულად ატაროს "იუნაიტედის" მაისური. სამწუხაროდ, სატრანსფერო ბაზარზე ცენრალური მცველი, რომელიც ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ძალიან ცოტაა, თუმცა მათგანაც არის რამდენიმე, რომლის ხილვასაც ვისურვებდი:

ჯონ სტოუნსი

ჯონ სტოუნსიჯონ სტოუნსი

ეს 22 წლის ინგლისელი მცველი მესამე სეზონია "ევერტონის" რიგებში ძალიან კარგ სეზონს ატარებს და თანდათან საკმაოდ სტაბილურ დამცველადაც ყალიბდება, უკვე რეგულარულად იძახებენ ქვეყნის უმთავრეს ნაკრებში და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე, ძირითად ცენტრალურ მცველობაზე პრეტენზიასაც გამოთქვამს. ჟოზეს ჯერ კიდევ შარშან სურდა ჯონის თავისთან წაყვანა, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, ახალგაზრდა მცველი ლონდონში არ გადაბარგდა და კვლავ "კანფეტების" რიგებში ირიცხება. ალბათ, ასეთ პერსპექტიულ ბიჭს თავადაც უნდა სურდეს კარიერაში ნაბიჯის წინ გადადგმა და გრანდში ძალების მოსინჯვა, თუმცა ამ პატარა ბიჭებს თავში რა უტრიალებთ, არავინ იცის. ამ დროისთვის მისი სატრანსფერო ფასი 22 მილიონი ფუნტია, თუმცა "ევერტონის" ხელმძღვანელობა სტოუნსში მინიმუმ 40 მილიონს ითხოვს.

რაფაელ ვარანი

varane

კიდევ ერთი, ახალგაზრდა, ნიჭიერი, თუმცა უკვე ჩამოყალიბებული ცენტრალური მცველი, რომელსაც სტოუნსისგან განსხვავებით, რეგულარული სათამაშო დრო მადრიდის ''რეალში" არ ეძლევა. ისიცაა, რომ ფრანგი ხშირად ტრავმიანობს, თუმცა როცა მწყობრშია, მაშინაც პეპეს ამჯობინებს ხოლმე ზინედინ ზიდანი. რაფაელი ჟოზეს კარგი ნაცნობია, ისინი ერთად მუშაობდნენ სამეფო კლუბში და სწორედ პორტუგალიელის მწვრთნელობისას შედგა მცველის დებიუტი. ვარანი ტრავმის გამო, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, ამიტომ მისი სატრანსფერო ფასი არ გაიზრდება, თუმცა მადრიდის "რეალი" ფრანგ მცველს 45 მილიონზე ნაკლებად მაინც არ შეელევა.

კონსტანტინოს მანოლასი

"how to get better" - ანუ ჟოზეს სინდრომი

"იუნაიტედის" რადარზე საბერძნეთის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" 24 წლის ცენტრალური მცველიც მოხვდა, რომელსაც გასული სეზონი მართლაც კარგი გამოუვიდა. კონსტანტინოსმა 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დედაქალაქური გუნდის ერთ-ერთ უცვლელი წევრიც გახდა. მართალია, ეს მისი მხოლოდ მეორე სეზონი გახლდათ სერია ა-ში, თუმცა მანოლასმა შთამბეჭდავი სტატისტიკა გამოაცხო: მატჩში საშუალოდ 2 ართმევა, 1.7 ბლოკირება და 4.1 სახიფათო მომენტის განმუხტვა. ბერძენის გადაბირებას ლონდონის "ჩელსიც" ცდილობს, რომელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიურ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს და ტყუილუბრალოდ თვალს ნამდვიალდ არ დაადგამდა რომაელს. იტალიური გუნდი კოსტას სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს.

აიმერიკ ლაპორტე

laportelaporte

საფრანგეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და იმედისმომცემი მოთამაშეებით გამოირჩევა: ვარანი, პოგბა, რაბიო, მანგალა. სწორედ ამ ფეხბურთელებთან ერთად სიაში მოხვდა ლაპორტე, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" აღზრდილია და მესამე სეზონია პირველი გუნდის თითქმის შეუცვლელი წევრია. მასზე, როგორც ფრანგები, ასევე ბასკები, დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა თავად მოთამაშეს ძალების მოსინჯვა უფრო დიდ კლუბში სურს, რაშიც "იუნაიტედი" ნამდვილად დაეხმარება. ფრანგმა წლეულს ჩემპიონთა ლიგასაც გაუგო გემო და 22-წლის ასაკში შეგვიძლია შემდგარ მცველად შევრაცხოთ, მისი სახით "წითლები" ძალიან კარგ მცველს მიიღებენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს. ფრანგი მცველი "იუნაიტედის" ბოსებს 35 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

მარჯვენა მცველი

გასული სეზონის სტარტზე თითქოსდა ეს პრობლემა აღმოფრხვრილი გვეგონა და დარმიანის მოსვლით ერთით ნაკლები პრობლემა რჩებოდა, იტალიელმა მართლაც შთამბეჭდავად დაიწყო ინგლისური კარიერა, სადებიუტო შეხვედრაშივე საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა და გულშემატკივართა გულებიც მოიგო, თუმცა ეს საწყისი მხოლოდ რამდენიმე ტური გაგრძელდა: ტრავმები და არასტაბილური თამაში, განსაკუთრებით კი შეტევაში, იტალიელის მეგზური გახდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე 4 მოთამაშეს მოუწია ასპარეზეობა: ვარელა, ვალენსია, ფონსუ-მენსა. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ჰოლანდიელმა დატოვა, თუმცა ეტყობა, რომ ამპლუით არ არის მარჯვენა მცველი და მისი ცენტრში გამოყენება ბევრად უკეთესია. სატრანსფერო ბაზარზე ამ პოზიციის მაღალი დონის მოთამაშეების ნაკლებობაცაა და მხოლოდ ერთადერთი მარჯვენა მცველი მესახება "მხსნელად".

სიმუს კოლემანი

coleman

"კანფეტებს" კიდევ ერთხელ მივაკითხეთ, ამჯერად მათ მარჯვენა მცველზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ლუი ვან გაალსაც სურდა ეხილა თავის გუნდში, თუმცა ირლანდიელის დარწმუნება ვერა და ვერ მოხერხდა. სიმუსი რამდენიმე წელია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს გვთავაზობს და სტოუნსის მსგავსად წესით, მასაც უნდა სურდეს უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა, თუმცა ვინ იცის. კარგი დამცველი, დაუღლელი, კრეატიული და ქარიზმატული, ეს ყველა ეპითეტით შეგვიძლია მოვიხსენიოთ 27 წლის მცველი. ლივერპულური კლუბი მას ყველაზე ცოტა, 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა.

მარჯვენა შემტევი

სერ ალექსის წასვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევის მარჯვენა ფლანგი თითქმის უმოქმედო და უსარგებლო გახდა, ვინ არ მოსინჯეს მწვრთნელებმა ამ პოზიციაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერავინ გაამართლა, ზოგს სისწრაფე დაეწუნებოდა, ზოგს კრეატივი, ზოგსაც აზროვნება და ასე შემდეგ, არადა "იუნაიტედი" ხომ ყოველთვის მრისხანე და ეფექტური ფლანგებით გამოირჩეოდა. ვან გაალიც კი აღნიშნავდა, რომ მისი შემტევები სწრაფები და კრეატიულები უნდა ყოფილიყვნენ და ყველაფერს გააკეთებდა, რომ ასეთები მოეყვანა გუნდში, თუმცა ვაგლახ, რომ არ დასცალდა, საინტერესო კი ის არის, რომ ასობით მილიონის დახარჯვის შემდეგ მწვრთნელი ასეთ რამეს ამბობს, ეს თემა სხვა დროისთვის შემოვინახოთ, ამჯერად "რჩეულებს" დავუთმოთ დრო:

ანტუან გრიზმანი

"how to get better" - ანუ ჟოზეს სინდრომი

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი და, სამომავლოდ, ოქროს ბურთის მოგების, ჩემი აზრით, მთავარი პრეტენდენტი, ჟოზე მოურინიოს რჩეული მოთამაშეა, ფრანგის შეძენით "განსაკუთრებული" "ჩელსიში" მუშაობისასაც იყო დაინტერესებული და ეჭვი არ არის, არც ამჯერად დააკლებს ცდას, საკითხავია, თავად გრიზმანს რამდენად სურს "ატლეტიკოს" დატოვება და ჩემპიონატის გამოცვლა. "იუნაიტედსა" და ჟოზეს 65 მილიონთან გამომშვიდობება მოუწევთ, თუკი ფრანგი გადაწყვეტს კარიერის "ოლდ ტრაფორდზე" გაგრძელებას.

ვილიანი

willian

მოურინიოსთვის კიდევ ერთი ცნობილი სახე, ბრაზილიელმა სწორედ ჟოზეს მწვრთნელობის პერიოდში განიცადა არნახული პროგრესი და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. სწრაფი, მშრომელი და ჭკვიანი სამხრეთ ამერიკელი არც მიმდინარე სეზონში ყოფილა უქმად და 11 გოლის გატანა მოახერხა, ამასთან 10 საგოლე პასიც მიითვალა. 27 წლის შემტევი საკმაოდ მაღალ დონეზე ათამაშდა და, ჩემი აზრით, "იუნაიტედში" არსებული პრობლემის გადაჭრა სავსებით შეუძლია. "ჩელსის" ხელმძღვანელობა ბრაზილიელს 40 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისებს.

ლუკას მოურა

"how to get better" - ანუ ჟოზეს სინდრომი

ამ მოთამაშეზე აქამდეც ბევრი დაგვიწერია, ერთ დროს საკმაოდ პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდას ყიდვით თავად ფერგი იყო დაინტერესებული, თუმცა ლუკასმა ლამაზი ქალაქი, მეტი ფული და ნაკლები პასუხისმგებლობა ამჯობინა, იგი ბრაზილიიდან "პსჟ"-ში გადაბარგდა. სამხრეთ-ამერიკელი თავს კომფორტულად გრძნობს საფრანგეთის დედაქალაქში, თუმცა ეტაპობრივად მისი წასვლის შესახებ იწერება, თუკი "იუნაიტედი" მის შეძენას გადაწყვეტს, ბიუჯეტს მინიმუმ 45 მილიონი სტერლინგით აზარალებს.

კარიმ ბელარაბი

bellarabibellarabi

ეს ბევრისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი ჩემს შექებას იმსახურებს. გერმანელი ნახევარმცველი წლიდან წლამდე პროგრესიერებს და განვითარების ახალ საფეხურზე ადის, ჯერ კიდევ 2 წლის წინ "ბრაუნშვაიგის" ღირსებას იცავდა და 2013/14 წლების სეზონში "ბუნდესლიგიდან" გავარდნაც იგემა, თუმცა მას შემდეგ "ლევერკუზენის" ლიდერად ჩამოყალიბდა და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 12 გოლისა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. იგი რეგულარულად ხვდება ლოვის ბუნდეს ნაკრებში და არც იქ არის მაყურებლის ამპლუაში. კარიმი ჩამოთვლილ შემტევებს შორის ყველაზე დაუფასებელია და მისი სატრანსფერო ფასი მხოლოდ 15 მილიონი ფუნტია.

ცენტრ-ფორვარდი

ერთი შეხედვით თამაშის ეს რგოლი "იუნაიტედისთვის" პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს: რუნი, მარსიალი, რეშფორდი- სამივე მათგანს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში ამ პოზიციაზე, თუმცა გაჭირვების გამო მარსიალი მარცხენა ფლანგზეა საჭირო, უეინი, ალბათ, საბოლოოდ ნახევარმცველობას დასჯერდება, ხოლო 18 წლის რეშფორდი არამგონია მზად იყოს 50 თამაში ჩაატაროს, თანაც სტაბილურად კარგად, ამიტომ მოურინიოს, რომელიც ყველა გუნდში ყოფნისას ამბობდა, რომ მას 3 ცენტრ-ფორვარდი სჭირდებოდა, აუცილებლად მოიყვანს ახალ სახეს. საბედნიეროდ, ამ პოზიციაზე ბევრი ვარიანტია და პორტუგალიელს კარგად დაფიქრება და გადაწყვეტილების ისე მიღება მართებს.

ზლატან იბრაგიმოვიჩი

zlatan

მოურინიოს კიდევ ერთი "მეგობარი", ისინი ერთად მილანის "ინტერში" მუშაობდნენ, თუმცა ზლატანისთვის, სამწუხაროდ, მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ იყო ლურჯ-შავების ტრიუმფალური სეზონი. ზლატანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ პორტუგალიელი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და საყვარელი მენეჯერია, არაერთხელ უნატრია კვლავ მასთან ერთად მუშაობა, არა მგონია ჟოზე იყოს მისი წინააღმდეგი, თანაც "ჩელსიში" მუშაობისას გამოჩნდა, რომ "ხანდაზმულებთან" მუშაობა გამოსდის: ეტო'ო, დროგბა. ზლატანი თავისუფალი აგენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" მის გაფორმებას სრულიად უფასოდ შეძლებს, მთავარია, ეს თავად შვედს სურდეს.

ჰარი კეინი

"how to get better" - ანუ ჟოზეს სინდრომი

პრემიერ ლიგის ოქროს ბუცის მფლობელი, წლის საუკეთესო გუნდის წევრი, ძალიან პერსპექტიული და ნიჭიერი ფორვარდი, რომელიც ინგლისის ნაკრების ლიდერის სტატუსსაც მალე დაიმსახურებს. ჰარის ბოლო 2 სეზონი ნამდვილად შთამბეჭდავი გამოუვიდა, რასაც გატანილი გოლების რაოდენობაც მოწმობს: 21 და 25. ინგლისელი ფორვარდი ახლა მხოლოდ ნაკრებზე და ევრო 2016-ზეა კონცენტრირებული, თუმცა მაინც საეჭვოა მომავალი სეზონის წინ "დეზებს" უღალატოს. მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ფუნტია, თუმცა, დიდი ალბათობით, ლონდონელები გაცილებით მეტს მოითხოვენ მასში.

პიერე-ემენიკ ობამეიანგი

"how to get better" - ანუ ჟოზეს სინდრომი

ბუნდესლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ამჯერად დორტმუნდის ბორუსიას მთავარი დამრტყმელი ძალა. გაბონელი შემტევი კარიერაში საუკეთესო წლებს ატარებს და ამას მისი შედეგებიც მოწმობს, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 39 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ვარსკვლავური შედეგია. ობამეიანგი ძალიან სწრაფი, ტექნიკური და ძლიერი ფორვარდია, სწორედ ისეთი, როგორიც მოურინიოს სჭირდება, კონტრ-შეტევებზე თამაშის ასაგებად, თუმცა მისი გადაბირება არსენ ვენგერს და "არსენალსაც" სურთ, თავად ფეხბურთელი კი წასვლაზე არსად ალაპარაკებულა. მოურინიო აფრიკელის შესაძლებლობებს წინასასეზონო ტურნეზეც შეაფასებს, სადაც "იუნაიტედი" "დორტმუნდის ბორუსიას" დაუპირისპირდება, იქნებ ეს შეხვედრა გამოდგეს გადამწყვეტი. "ყვითლები" ობამეიანგის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
სტატიები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top