"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ფილ ნევილი კლუბის ახალ მწვრთნელს ურჩევს, "ევერტონიდან" ჯონ სტოუნსი გადაიბიროს ნაცვლად "რეალის" მცველის, რაფაელ ვარანისა.
მოურინიოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი დაცვის ცენტრის გაძლიერებაა. "ოლდ ტრაფორდს" უკავშირებენ ვარანს, მოურინიოს ყოფილ შეგირდს და სტოუნსს, რომლის შეძენაც პორტუგალიელს "ჩელსიში" მუშაობისას სურდა.
Daily Mirror-ი იტყობინება, რომ ორივე ახალგაზრდა მცველი დაინტერესებულია "იუნაიტედში" თამაშით, მაგრამ ნევილი მოურინიოს ურჩევს, რომ არჩევანი 21 წლის ინგლისელზე შეაჩეროს. "ვარანი? ვიცი, რომ მოურინიო მას აღმერთებს. მისით აღფრთოვანებულია. აბლათ, სათამაშო სტილით ფრანგი ჰგავს ჯონ სტოუნსს, ამიტომ ორივეს ვერ შეიძენს. ვარანი იმდენად სწრაფია, რომ მტრედიც კი შეიძლება დაიჭიროს. ამ წყვილიდან რომელიმეს გადაბირება ჩვენი დაცვის ხაზს გააძლიერებდა.
ვფიქრობ, კრის სმოლინგის პარტნიორის როლს სტოუნსი უკეთ მოერგება. პარტნიორული მოქმედებისთვის სხვადასხვა უნარებია საჭირო, მაშინ, როცა ვარანი უფრო მეტად ჰგავს კრისს - მან მხოლოდ თავდაცვა იცის და ამას ძალიან კარგად აკეთებს. ის სწრაფი და ძლიერია, სტოუნსი კი უფრო ხარისხიანად მოქმედებს ბურთით. ბრიუსი და პალისტერი, სტამი და იუნსენი. ერთი მეორეს უნდა ავსებდეს. სტოუნსი და ვარანი ნებისმიერთან ითამაშებდნენ წყვილში", - განაცხადა ფილ ნევილმა.