ფრანგი ლეგენდის ექსკლუზიური ინტერვიუ.
დღეს ერიკ კანტონას 50 წელი შეუსრულდა და იგი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყოველთვის კარგად გამოსდიოდა - ადამიანის დამცირება. "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ჯერ კიდევ არ სწამთ, რომ ლუი ვან გაალის წარუმატებელი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" დასრულდა და მის ნაცვლად პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო წარუძღვება გუნდს. თუმცა ერიკმა უკვე დასვა დიაგნოზი და იცის, თუ რაში შეცდა გუნდი.
"მათ მე ვაკლივარ," -აცხადებს კანტონა, ხუმრობით, მაგრამ ამავდროულად სრული სერიოზულობით.
"ვფიქრობ, რომ გუნდმა რაღაც დაკარგა. ამას თქვენც გრძნობთ. თუმცა რთულია იმუშაო გუნდში, რომელსაც 25 წლის მანძილზე ერთი მწვრთნელი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ შენ წარმატებული სპეციალისტი ხარ, გულშემატკივრები დღემდე გრძნობენ ფერგიუსონის ფილოსოფიას."როდესაც ვან გაალის ერა "იუნაიტედში" საბოლოოდ დასრულდა, ამ ფაქტს ნაკლებად ოპტიმისტურად შეხვდა გუნდის ერთ-ერთი უდიდესი ყოფილი ფეხბურთელი.
"მე მომწონს და ვაფასებ მოურინიოს, მაგრამ მისი სათამაშო სტილით იგი ვერ დაეხმარება "მანჩესტერ იუნაიტედს". მომწონს მისი პიროვნება, მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ და მისი იუმორი. იგი ძალიან ინტელიგენტურია და თავის ფეხბურთელებს 100 %-ით ენდობა. და, რა თქმა უნდა, წარმატებასაც აღწევს.
მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ასეთ სტილს "მანჩესტერის" გულშემატკივრები შეიყვარებენ, გამარჯვების შემთხვევაშიც კი. "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა მასთან ერთად წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ ითამაშებენ ისინი ისე, როგორც "იუნაიტედს" სჩვევია? მე ეჭვი მეპარება.
გვარდიოლა ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. იგი იოჰან კროიფის სულიერი შვილია. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას მანჩესტერში [იუნაიტედი]. იგი ერთადერთია, რომელსაც "მანჩესტერის" შეცვლა შეეძლო. იგი გადმობარგდა მანჩესტერში, მაგრამ არასწორ მხარეს."
"კარიერა 19 წლის წინ დავამთავრე და მას შემდეგ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, რაც ბედნიერს მხდის. მაგრამ თუ ვინმე შემომთავაზებდა "იუნაიტედის" გაწვრთნას, დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი. იმიტომ, რომ ჩვენი მხსნელი უკვე "მანჩესტერ სიტიშია", ხოლო თუ თქვენ "იუნაიტედის" დაბრუნება გსურთ, მე აქ ვარ!"- აცხადებს კანტონა.
კითხვაზე, სრული სერიოზულობით ამბობდა ამას თუ არა, მან ღიმილით გვიპასუხა:
"დიახ, სრული სერიოზულობით. ეს იმიტომ ვთქვი, თითქოს პაბში ან კლუბში ვარ. როდესაც რამეს ამბობ, იქ შენი ნათქვამი არ გაღელვებს და ყველა ქალი შენ გეტრფის. ალბათ, რომ მეთქვა ეს სამსახური საერთოდ არ მაინტერესებს-მეთქი, მაშინ შემომთავაზებდნენ და მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მთელი გულითა და სულით."მას პროფესიონალურ ფეხბურთთან უკვე დიდი ხანია შეხება არ ჰქონია. თუმცა მის გადაწყვეტილებას, რომელიც მან 19 წლის წინ მიიღო, დღემდე არ ნანობს.
"როდესაც 20 წლის ვიყავი, საფრანგეთში ასეთი რამ ვთქვი: როდესაც ფეხბურთის მიმართ გრძნობებს დავკარგავ, მე წავალ. რა თქმა უნდა, მე არავინ დამიჯერა. როდესაც ეს გრძნობა დავკარგე, მოვიქეცი ისე, როგორც ვთქვი. და დღემდე არ ვნანობ. როდესაც ფეხბურთს თავს ანებებ, ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება. ფეხბურთი ისეა, როგორც ნარკოტიკი. თითქოს ეს შენი პირადი ნარკოტიკია, რომელიც მუდამ გჭირდება." - განაცხადა მან ძალიან ფრთხილად და მორიდებით.
"ვფიქრობ, რომ ბევრი ფეხბურთელი განიცდის დეპრესიას წასვლის შემდეგ, იმიტომ, რომ მათ რაღაც დაკარგეს. მაგრამ ეს ძალიან დამეხმარა, რათა ჩემს ოცნებებში მეცხოვრა. ასეთი საშუალება რომ არ მქონოდა, ალბათ მოვკვდებოდი."კანტონა დღემდე საინტერესო პიროვნებად რჩება, უამრავი თვისებებით. მზად არის ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას, რათა მისი ხელოვნება განავითაროს და ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება. იგი მუდამ წინააღმდეგი იყო ფულის და ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომელიც თვლის, რომ ფულით სარგებლობა ფეხბურთში ძალიან ცუდი თვისებაა. ასევე იგი მოუწოდებს გუნდებს, რომ ბილეთების შეძენა ნებისმიერი კლასის ადამიანისთვის იყოს შესაძლებელი.
"ფეხბურთი პოპულარული სპორტია. ამიტომ, აუცილებელია, რომ მუშა კლასის წარმომადგენლებმა შეძლონ სტადიონზე მოსვლა. ახალგაზრდა ფეხბურთელების 95% ღარიბი ოჯახებიდან მოდის. მათ აუცილებლად უნდა იარონ სტადიონებზე და არა ტელევიზორიდან ადევნებდნენ თვალს . ტელევიზორი კარგია. პაბში უამრავი ხალხია ერთად გაერთიანებული და ამა თუ იმ გუნდს ქომაგობენ. მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. შენ ვერ დაინახავ ტელევიზორში იმდენს, რამდენის დანახვა მოედანზე შეიძლება. ფედერაციამ ეს აუცილებლა უნდა შეცვალოს. არასწორია ხალხის მიმართ ასეთი მიდგომა, რადგან პროფესიონალი ფეხბურთელების უმეტესობა ღარიბი ოჯახიდან მოდის."
მას ვკითხეთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს გლეიზერების მიმართ, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ფლობენ. მისი თქმით, ისინი ყველა ერთნაირები არიან. პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ფიფას წარმომადგენლები-ყველას ერთი პატარა შრიფტი აქვთ.
"დღეს ძალიან ბევრი ფლობელები არიან, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან არიან. გააჩნია, რა მიმართულებით მიდის გუნდი. თუ თქვენ ამერიკელი ბიზნესმენი არ გყავთ, მაშინ ინგლისელი ბიზნესმენი გეყოლებათ. თუ ინგლისელი არ გყავთ, გეყოლებათ ჩინელი ან მალაიზიელი ბიზნესმენი. თითოეული მათგანი ერთნაირია. ეს ბიზნესია. უბრალოდ ინგლისელი ბიზნესმენი იმით შეიძლება განსხვავდებოდეს, რომ მან იცის გუნდის სული და ისტორია."იგი ასევე ჯავრობს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებსაც ასეთ ადრეულ ასაკში დიდ ფულს უხდიან.
"ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში მესმოდა, რომ ფეხბურთელები ძალიან დიდ ფულს იღებენ. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მამაჩემს არასდროს არ უთქვამს ჩემთვის მეთამაშა ფულისთვის. აქ საუბარი მხოლოდ სიყვარულზე და ოცნებაზე იყო."რა შეიცვალა?
"ალბათ, მედია. დღეს ჩვენ ტელევიზიის თაობა გვყავს. საუბარი მიდის მანქანებზე, პოპულარობასა და დანარჩენ წვრილმან ნივთებზე, რომლებიც არ გვჭირდება. ჩემს დროს სულ სხვანაირად ცხოვრობდნენ. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ახლა, მშობლებს სურთ, რომ მათი ბავშვები ფულს შოულობდნენ და პოპულარობისთვის იბრძოდნენ."სამოქალაქო ომის დროს კანტონას ბაბუა და ბებია იძულებულები იყვნენ ესპანეთში შეეფარათ თავი. მან პირობა მისცა საკუთარ თავს, რომ დახმარებოდა ხალხს, რომლებმაც მსგავსი პრობლემები განიცადა.
"მე პატარა სახლი შევიძინე, არა სასახლე. მაგრამ მარსელის არაჩვეულებრივ მხარეს. დიდი ბაღით. ყველაფერი განვაახლეთ, შევღებეთ. შევიტანეთ ავეჯი და დანარჩენი საჭირო ნივთები. მე არ გადამიღია სურათი და არ ამიტვირთავს "ფეისბუქსა" ან "ტვიტერზე". მე არ ვარ ასეთი ტიპის ადამიანი. თქვენ რომ არ გეკითხათ, მე არც ვიტყვოდი. მაგრამ მე იმის იმედით გავაკეთე ეს, რომ ხალხი, რომელსაც შეუძლია მსგავსის გაკეთება, გამოცოცხლდნენ და ადამიანებს დაემსგავსონ. არის ხალხის ნაწილი, რომლებსაც ლაპარაკი უყვართ, მსახიობები და ასე შემდეგ, ისინი არავის არაფერს აძლევენ."როგორც ფეხბურთელს, კანტონას რთული ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის ფედერაციასთან და გუნდის მწვრთნელებთან. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ იგი ინგლისის დედოფალს უფრო ეთაყვანება, ვიდრე მთელ საფრანგეთს.
"საერთოდ არ მაინტერესებს საფრანგეთი, ფეხბურთის ფარგლებში. მე ინგლისელი კაცი ვარ. ჩემს ვენებში ინგლისური ლურჯი სისხლი მოძრაობს."
"მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ზოგჯერ შენ იგებ, ზოგჯერ კი აგებ. ეს ბუნებრივი მოვლენაა. მე ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, რაც შემეძლო. არაფერს ვნანობ. თუ თამაშის წინ შენს ფეხბურთელებს ეტყვი-გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ და შემდეგ აგებთ, ამის გამო არ იჯავროთ. დაიძინეთ ჯავრის გარეშე, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ამის უფლება, რადგან დღეს გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებში იყო. პირადად მე, კარგად მძინავს. მძინავს, როგორც ბავშვს."
წყარო-
Guardian