ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დენი ბლინდი "მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალის დათხოვნის გამო გააკრიტიკა.
ჰოლანდიელის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება ორშაბათს ღამით ინგლისის თასის მოგებიდან 48 საათში გავრცელდა.
ვან გაალისთვის ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, რომ ის კლუბს დატოვებდა და კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო წლის ამოწურვის იმედს გამოთქვამდა.
ლუის გაძევებიდან მოკლე ხანში კი დენი ბლინდმა კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის და გუნდისთვის ვან გაალის მომავალი უცნობი იყო.
"მე უფრო ახლოს ვარ სიტუაციასთან, ვიდრე სხვები და შემიძლია გითხრათ, რომ გაძევება სიურპრიზი აღმოჩნდა. თანავუგრძნობ. ეს არ დაუმსახურებია.
მასთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში მიმუშავია. მის "აიაქსში" მითამაშია, მისი კაპიტანი ვიყავი, მსოფლიო ჩემპიონატზე კი მისი ასისტენტი. ის დიდებული მწვრთნელია.
ყველამ ვიცით, რომ როგორც მწვრთნელი, შენი კარიერის განმავლობაში გაძევების საფრთხის წინაშე დგები. ეს ყველა მწვრთნელს შეიძლება დაემართოს.
მიუხედავად ამისა, მაინც საწყენად მიმაჩნია. ვიცი, როგორც მოხდა ეს გაძევება და ეს ის სტილი ნამდვილად არ არის, როგორც უნდა ხდებოდეს", - განაცხადა დენი ბლინდმა.