ალან პარდიუს მიაჩნია, რომ "კრისტალ პალასს" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ინგლისის თასის ფინალის მოგება და ტიტულის დაუფლება შეუძლია.
უკანასკნელად "არწივები" ტიტულთან ყველაზე ახლოს სწორედ ინგლისის თასის გათამაშებაში იმყოფებოდნენ, როცა 1990 წელს ფინალში გავიდნენ, სადაც "იუნაიტედთან" გადათამაშებაში 1-0 დამარცხდნენ. მაშინ პარდიუ "კრისტალ პალასის" რიგებში თამაშობდა.
"ნიუკასლის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ფინალს აუთსაიდერის სტატუსით ხვდება, მაგრამ ეს მხოლოდ გაზრდის ზეწოლას "იუნაიტედზე".
პარდიუმ ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიერ ინგლისის თასის მოგება ისეთივე შოკისმომგვრელი იქნება, როგორც "ლესტერ სიტის" მიერ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა იყო.
"ვფიქრობ, ზეწოლას ყოველთვის ისინი განიცდიან - ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", ლეგენდარული გუნდი.
ეს მატჩი სულ სხვა ისტორიაა. ჩვენი ისტორია კი არის ის, რომ ფინალი წავაგეთ, ასე რომ, ფეხბურთელთა ამ ჯგუფს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება და "კრისტალ პალასისთვის" პირველი ტიტულის მოგება შეუძლიათ.
ვიცი, რომ ჩვენ უტიტულობის ტვირთი გვაწევს. ეს არის კლუბი, რომელსაც აქვს ცხადი დნმ და ვფიქრობ, დნმ-ს ტიტულის მოგება მოუხდება.
კიდევ ერთი, პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი უნდა დავამარცხოთ და ტიტული ჩვენია. ვგრძნობ, ჩემი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.
რთულია გამარჯვებულის მედლის მოპოვება იმ დონეზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ისევე, როგორც "ლესტერის" ფეხბურთელებისთვის, ინგლისის თასის მოგება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს".
პარდიუ თავის შესაძლებლობებს მაღალ დონეზე სიამოვნებით გამოცდის. "მსოფლიოს უდიდეს კლუბებთან თამაში მომწონს. ამას მოუთმენლად ველი, ჩემი ფეხბურთელები ელიან.
ენტონი მარსიალი, უეინ რუნი, ხუან მატა, მარუან ფელაინი - ისინი ტოპ-ფეხბურთელები არიან და ამიტომაც თამაშობენ "იუნაიტედში".
მაგრამ მოედანზე არის მონაკვეთები, სადაც შესანიშნავად ვმოქმედებთ და ჩვენ სწორედ მათ გამოყენებას ვეცდებით.
ისინი ბურთის ფლობაში დაგვჯაბნიან, ჩვენ კი ძალიან, ძალიან სახიფათონი ვიქნებით, როცა ბურთს დაკარგავენ".
როცა ჰკითხეს, ისწავლა თუ არა რამე 1990 წელს წაგებული ფინალისგან, მან უპასუხა: "დიახ - არ უნდა წავაგო".