ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ ინგლისის თასის ფინალური მატჩისთვის სასტარტო თერთმეტეულის შერჩევა ძალიან რთული იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის განკარგულებაში 27 ჯანმრთელი ფეხბურთელია, რომელთაც "კრისტალ პალასთან" "უემბლიზე" თამაში შეუძლიათ.
"ბორნმუთთან" მოგებული მატჩის შემდეგ ვან გაალმა სასტარტო შემადგენლობის დილემის წინაშე ყოფნის შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, დიდი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, რადგან ფინალში თამაში ყველას სურს და ეს ყველამ იცის. მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მომიწევს.
ასევე, ყველას სურს გუნდში ყოფნა, მაგრამ ეს შეუძლებელია. მე 27 ფეხბურთელი მყავს განკარგულებაში, მათგან კი მხოლოდ 18-ს შერჩევა შემიძლია. ხოლო მათგან 11-ს, ასე რომ, რთულია", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
უეინ რუნი არის ფეხბურთელი, რომელსაც შაბათს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გარანტირებული აქვს.
30 წლის ფეხბურთელმა "ბორნმუთთან" ნახევარმცველის როლი მოირგო და ვან გაალი ფიქრობს, რომ ახლა რუნიმ სწორედ იქ უნდა ითამაშოს: "დიახ, ასე ვფიქრობ, რადგან იქ თამაში მოსწონს და მატჩებში ამტკიცებს, რომ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ, მისგან მომავალში სწორედ ამას ველი".
მარკუს რეშფორდმა სამშაბათს თავისი მერვე გოლი გაიტანა "იუნაიტედის" რიგებში და მწვრთნელს იმედი აქვს, რომ თავდამსხმელი სეზონს ოქროს მედლით დაასრულებს. "დიახ, დაუჯერებელი და გასაოცარია, რომ 18 წლის ახალგაზრდა ამას აკეთებს. ყველა მატჩში იღებდა მონაწილეობას, რადგან მას არ ვინახავდი - მხოლოდ ბოლო 15 წუთით ვასვენებდი თუ რაღაც მსგავსი. ის უდიდეს უნარს ავლენს და იმედი მაქვს, ფინალშიც ასე იქნება".