ხუან მატა ფიქრობს, რომ დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა მეკარემ ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადასვლა ვერ მოახერხა.
დე ხეას თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს საბუთების მოუგვარებლობის გამო დავიდი მადრიდში სათამაშოდ ვერ დაბრუნდა.
"ატლეტიკოს" ყოფილი მეკარე ზედიზედ მესამედ აირჩიეს "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, თუმცა ჭორები იმის შესახებ, რომ დე ხეა "რეალში" შეიძლება დაბრუნდეს, კვლავ აქტუალურია.
თუმცა მატა ამის შესახებ აცხადებს: "ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ დე ხეა ბედნიერია. გულშემატკივართა სიყვარულს გრძნობს და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ აირჩიეს.
ბედნიერია ქალაქით, ჩვენით, თანაგუნდელებით და კარგადაც თმაშობს.
ვფიქრობ, ძალიან მშვიდად და სეზონის კარგ დასასრულზე კონცენტრირებულად გამოიყურება, რათა ინგლისის თასი მოიგოს, ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ითამაშოს. ასე რომ, ის ძალიან მშვიდია და მის მომავალზე არ ვღელავ".
ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებში მარკუს რეშფორდის მოხვედრის შანსებზეც ისაუბრა.
"ინგლისს ძალიან ბევრი თავდამსხმელი ჰყავს, ამიტომ ჰოჯსონს მისი წაყვანა გაუჭირდება. მაგრამ რეშფორდი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და თუ ამჯერად არა, მომავალში მოხვდება ინგლისის ნაკრებთან ერთად, რადგანაც ძალიან ნიჭიერია, მისი თავდაჯერებულობა კი ყოველ კვირაში იზრდება".