"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა ფორვარდი კელეჩი იჰეანაჩო ამბობს, რომ მარკუს რეშფორდთან შედარება მას დამატებით მოტივაციას აძლევს შრომისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ "სიტისა" და "იუნაიტედს" თავიანთი სტანდარტებიდან გამომდინარე ცუდი სეზონი აქვთ, ორივე გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სადებიუტო სეზონში წარმატებულად იასპარეზეს.
იჰეანაჩომ მიმდინარე სეზონში "სიტის" რიგებში 34 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ხოლო 18 წლის რეშფორდმა 16 მატჩში შვიდჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, მათ შორის მანჩესტერულ დერბიშიც.
რეშფორდის წარმატებამ საზოგადოებაში 19 წლის იჰეანაჩოსთან შედარების საჭიროება გააჩინა, მაგრამ ნიგერიელი ამბობს, რომ ეს ფაქტი მხოლოდ ზრდის მის მონდომებას.
"გამოწვევები მიყვარს, ამიტომაც, როცა ხალხი მე და რეშფორდს გვადარებს, უფრო მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია მეძლევა. გარდა ამისა, მაიძულებს უფრო მეტად ვიშრომო.
იმედი მაქვს, ხალხი ჩვენს შედარებას არ შეწყვეტს, რადგან უახლოეს წლებში ერთმანეთისადმი კონკურენციის გაწევით მანჩესტერი მხოლოდ სარგებელს ნახავს. თუ ორივე კარგად ვიასპარეზებთ, გავუმჯობესდებით და ბევრ გოლს გავიტანთ, გუნდისთვის საინტერესო იქნება", - განაცხადა იჰეანაჩომ.
იჰეანაჩომ აღნიშნა, რომ რეშფორდისგან გაკვეთილების მიღება შეუძლია და კარგია, რომ ორი ახალგაზრდა "სიტისა" და "იუნაიტედის" დარ გუნდებში თამაშობს.
"რეშფორდს დიდებული ნიჭი აქვს. დიდი, ძლიერი ფეხბურთელია და კარგ გადაწყვეტილებებს იღებს, ამიტომაც მგონია, რომ მისგან კარგი ფეხბურთელი დადგება უახლოეს წლებში.
ნებისმიერი ფეხბურთელისგან შეიძლება გაკვეთილის მიღება, ასე რომ, მე რეშფორდისგანაც ვსწავლობ და მას კარიერაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლებიც ამ ქვეყნის კლუბებში თამაშობენ, იმედი მაქვს, კარგად ითამაშებენ. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.
არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც თამაშობს და მაღალ დონეზე ასვლა არ სურს. არ ვიცი, გავხდები თუ არა დიდი ფეხბურთელი. მაგრამ ბევრს ვიშრომებ ამის მისაღწევად. მე უბრალოდ სვლა უნდა გავაგრძელო და ვნახო, რა მოხდება".