"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი პოლ სქოულზი საქველმოქმედო მატჩს მოაწყობს, რომლისგან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება 17 წლის ფეხბურთელ ელის რობინსონს, რომელიც მინი-ფეხბურთში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ინვალიდის სავარძელზე სამუდამოდ მიჯაჭვების საფრთხის წინაშე დგას.
"როჩდეილის" აკადემიის აღზრდილი ელისი მატჩის დროს დაეცა და იატაკზე იჯდა, როცა მას მეორე მოთამაშე დაეცა. რობინსონმა ამის შემდეგ ხერხემალი დაიზიანა და წელს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა.
ამჟამად საუთპორტის საავადმყოფოს ექიმები მისთვის დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის დაბრუნებას ცდილობენ.
"რთული არ იყო ბიჭების შეკრება მატჩისთვის, რომელმაც საჭირო თანხა უნდა შეაგროვოს. მეგობარი მყავს, რომელიც ელისს იცნობს და ერთხელ ამ უბედური შემთხვევის შესახებ მიამბო, მე კი დახმარება გადავწყვიტე.
ელისი კარგი ბიჭია და უბრალოდ საშინელებაა, რომ ასეთი რამ მოხდა. ახლა გამოჯანმრთელების პროცესშია და ვნახავთ, რით შევძლებთ მის დახმარებას", - განაცხადა სქოულზმა.
მატჩი "ბაუნდერი პარკზე", სქოულზის თანამფლობელობაში მყოფი "ოლდჰემის" საშინაო სტადიონზე ჩატარდება. პოლს იმედი აქვს, რომ ელისის სამკურნალოდ 11 ათას ფუნტს შეაგროვებს. მშობლები კი ფულს საიტ gofundme.com-ზე აგროვებენ.